logo
ENG



"ცილოვანი შიმშილი, ანორექსია, კუნთების დაშლა"- ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა სააკაშვილზე

27 აპრ 202215:28
3 წუთის საკითხავი
 

ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა.

კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი.

როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი "საკუთარ თავს ინელებს".

"რაც ვნახეთ, უფრო სუსტად გამოიყურება. ჩვენ გავეცანით ისტორიის მონაცემებს, ვნახეთ გარკვეული დარღვევები, რაც მიუთითებს იმას, რომ პაციენტს უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს. ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება გარედან, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მდგომარეობა ამიტომაა გაუარესებული.

ჩვენი აზრით, ამის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ მოგვცა ანორექსია ანუ მადის დაქვეითება. ის იღებს თავისი რეგულარულად მოხმარებადი ნორმის კალორიის დაახლოებით 1/4-დან 1/3-მდე ანუ 600-800 კალორიამდე, რომელშიც პრაქტიკულად ცილა არ შედის და ცილოვანი შიმშილის ფონზე კუნთის მასა მკვეთრად შემცირებულია. ასევე, გამოხატულია წნევის ვარდნა წამოდგომისას",- თქვა წულაძემ.

როგორც ექიმი აცხადებს, სააკაშვილს ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა მისივე თქმით, ეს რეაბილიტაციისთვის საკმარისი არ არის.

"ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ როგორც ჩანს ეს გარემო საკმარისი არაა იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ვერ ხდება შეთანხმება პაციენტსა და ციხის სამედიცინო პერსონალს შორის. ის უარს ამბობს შეგნებულად თუ შეუგნებლად ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც მოსდევს ცილოვანი შიმშილი. ეს არის ჩვენი დასკვნა"- განაცხადა წულაძემ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნაში ნათქვამია, რომ არ/ვერ შესრულდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

"მედიკამენტოზურმა მკურნალობამ, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი არ გამოიღო და მდგომარეობა დამძიმდა. შესაბამისად, მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება, ანალოგიურ პირობებში, დასახელებული რეკომენდაციების შეუსრულებლად, იქნება არაეფექტიანი, მომავალში კვლავ ვერ გამოიღებს დადებით შედეგებს და გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის ზემოაღნიშნული ფორმით მკვეთრად დამძიმებას, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს".

20 აპრილს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და სხდომათა დარბაზის დატოვება მოუწია.

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მესამე პრეზიდენტის ქვეყნიდან დაუყოვნებლივ გაყვანას და შესაფერის კლინიკაში მოთავსებას ითხოვს.


close დახურვა