logo
ENG



6 მილიონი ლარი ნაგვის ურნებისთვის - მოსახლეობის ნაწილი თბილისის მერიას აკრიტიკებს

23 თებ 202020:23
3 წუთის საკითხავი
clock 1868

1 ნაგვის ურნა 31 ათას ლარად - თბილისის მერიის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო შესყიდვა გადასახადის გადამხდელებს მილიონ 600 ათას ლარამდე უჯდებათ.

ურნების პირველი პარტია „თბილსერვის ჯგუფმა“ კომპანია „ჯი თისგან“, ტენდერის გარეშე იყიდა და მასში 3 მილიონი ლარი გადაიხადა, თუმცა შეძენილი 90 ურნა საკმარისი არ აღმოჩნდა. ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების დასრულებისთვის კიდევ 50 ასეთი ურნაა საჭირო.

მოსახლეობის ნაწილს თბილისის მერიის გადაწყვეტილება მოსწონს, ნაწილი კი, ასეთ ხარჯს გაუმართლებლად მიიჩნევს. არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც.

თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არსებულ რთულ სოციალურ პირობებში, ურნაში 31 ათასი ლარის გადახდა საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის და თანხების მითვისების კიდევ ერთი მაგალითია. „ლელოში“ კი, აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება არა საზოგადოებაზე, არამედ საკუთარი ჯიბეზე ზრუნავს.

„თბილსერვის ჯგუფში“ რომელმაც ტენდერი გამოაცხადა, აღნიშნავენ, რომ დედაქალაქში დაწყებულია  ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე გადასვლა და მუნიციპალიტეტი მსგავს თანამედროვე ურნებს მომავალშიც შეიძენს. მუნიციპალურ სამსახურში ხარჯებთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავენ.

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილია ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე გადასვლა, რისთვისაც ეტაპობრივად იქნება შეძენილი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. მიმდინარე ეტაპზე ჭავჭავაძის გამზირი შეირჩა, ასევე მსგავსი კონტეინერები დამონტაჟდება ყიფშიძისა და ატენის ქუჩებზეც. აღნიშნული მიწისქვეშა ნაგავშემკრები არის წყალმედეგი, ბეტონის ბუნკერით და სენსორით, რაც უზრუნველყოფს მისი ექსპლოატაციის პროცესში გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების შესაძლებლობას. შესაბამისად მუნიციპალიტეტის მიერ მომავალშიც შეძენილი იქნება მსგავსი ურნები სხვადასხვა ლოკაციებზე განსათავსებლად“, – აცხადებენ მუნიციპალურ სამსახურში.

უცნობია, საკმარისი იქნება თუ არა ჭავჭავაძის გამზირისათვის 31 ათასი ლარის ღირებულების 140 მიწისქვეშა ნაგვის ურნა. თუმცა ცნობილია, რომ “თბილსერვის ჯგუფი” დამატებით 1000 ცალი მიწისზედა ნაგვის ურნის შესყიდვას აპირებს, რომლის სავარაუდო ღირებულება მილიონ-ორასი ათასია. საერთო ჯამში, დედაქალაქის მერია მხოლოდ ამ დროის მონაცემებით ნაგვის ურნებში 6 მილიონ ლარს ხარჯავს.


close დახურვა