logo
ENG



6 თვის განმავლობაში, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე საშუალოდ 600 ლარი იქნება გამოყოფილი - ბარკალაია

29 აპრ 202014:54
3 წუთის საკითხავი
 
ybvmvdf1xegru98.jpg

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ფულად კომპენსაციებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ აღნიშნა, დახმარებას მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც ბაზაში რეგისტრირებულები არიან და მათი ქულათა რაოდენობა 100 ათასს არ აღემატება. მისი განმარტებით, კომპენსაციების ოდენობა სულადობის მიხედვით განისაზღვრება და 6 თვის განმავლობაში თითოეულ ოჯახზე საშუალოდ 600 ლარი იქნება გამოყოფილი.

„ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ რამდენიმე მიზნობრივ ჯგუფს დავეხმაროთ. პირველ რიგში, ეს არის სოციალურად დაუცველი ადამიანები, ისინი, ვინც რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ის ადამიანები, რომლებსაც ქულა აქვს 65 ათასიდან 100 ათასის ჩათვლით. ასეთი ოჯახები ამ ეტაპზე იღებენ მხოლოდ 50-ლარიან დანამატს, ბავშვების ბენეფიტს, თუმცა, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ დახმარებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შშმ ბავშვებიც მიიღებენ დახმარებას 6 თვის განმავლობაში. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 3 ან მეტი შვილი და მათი ქულა არის 100 ათასი ან ნაკლები, ისინიც მიიღებენ დახმარებას.

ამ ეტაპზე 70 ათასი ოჯახი, ანუ 190 ათასი პირია, რომელსაც აქვს ქულა მინიჭებული 65 ათასიდან 100 ათასის ჩათვლით და ისინი არ არიან მიმღებები სოციალური დახმარებისა, რადგან მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებები არიან 0-დან 65 ათასამდე ქულის მქონე ადამიანები. შესაბამისად, ამ ეტაპზე 6 თვის განმავლობაში, სოციალურად დაუცველები მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებებს: 1-სულიან ოჯახზე 70 ლარის ოდენობით, 2-სულიანზე 90 ლარის ოდენობით და 3-სულიანზე 105. შემდეგ მიდის ზრდა. 6 თვის განმავლობაში თითოეულ ოჯახზე საშუალოდ 600 ლარი იქნება გამოყოფილი, თუმცა უმრავლესობა ოჯახებზე გაცილებით მეტი“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ზემოხსნებულ ბენეფიციარებას დამატებით საბუთების წარდგენა არ დასჭირდებათ და დანამატი არსებულ სოციალურ დახმარებასთან ერთად დაერიცხებათ.

ამ ბენეფიციარებს არავითარი დამატებითი საბუთების წარდგენა არ სჭირდებათ. მათ დაერიცხებათ აღნიშნული დანამატი იმ სოციალურ დახმარებასთან ერთად, რომელსაც იღებენ. ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ სამი და მეტი ბავშვი, ასეთი ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული 21 ათასი და აღნიშნულ ოჯახებსაც არ დასჭირდებათ დამატებითი საბუთების წარდგენა. ისინიც ავტომატურად მიიღებენ დახმარებებს 6 თვის განმავლობაში 100 ლარის ოდენობით.

შშმ პირები და ბავშვები უკვე იდენტიფიცირებულები არიან ამ შემთხვევაშიც და ეს არის 40 ათასი დაახლოებით. მათაც არ დასჭირდებათ დამატებითი საბუთების წარდგენა. ავტომატურად შშმ პირთა პენსიასთან ერთად, ავტომატურად დაერიცხებათ დანამატი თვეში 100 ლარის ოდენობით. ჯამში 600 ლარი“, - განაცხადა ბარკალაიამ.


close დახურვა