შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6 მაისს ბათუმში სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 25 ადამიანი წვრილმანი ხულიგნობის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე ) და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე ) მუხლებით დააკავეს.
ბათუმში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქცია-მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ აქციის დაშლა მოულოდნელად დაიწყო.
შსს აცხადებს, რომ ბათუმის ქუჩებში გუშინ საღამოს დაწყებულ აქციაზე პოლიციამ შეკრებილთა უფლებებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. ასევე, უწყების მტკიცებით, სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყვეს აქციის მონაწილეთა მსვლელობა.
"მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები და გამოიწვიეს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება. კანონმდებლობის სრული დაცვით შეკრებილი ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, პოლიციამ ბათუმის ქუჩებში შეზღუდა საგზაო მოძრაობა, ხოლო როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, აღარ იყო აუცილებლობა გზის გადაკეტვის პოლიციამ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის და საგზაო მოძრაობის აღდგენა.
პოლიციის მხრიდან არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინათ გზა, განაგრძეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება". - აცხადებს შსს.
დაკავებულთაგან 2 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები.