ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნის იგნორირება ჰუმანურობა და უპასუხისმგებლობაა.
მისივე თქმით, თუ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაუარესდა, შესაძლოა ტრაგიკული შედეგით დასრულდეს.
რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ჯაფარიძის თქმით, პარტია მონაწილეობას არ იღებს.
"აუცილებელია თავიდან იქნას არიდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი გაუარესება, როდესაც ის შეუქცევადი გახდება და შეიძლება დამთავრდეს ტრაგიკული შედეგებით. ეს ჩვენი პოზიციაა, არ დაგვიმალავს და საჯაროდ გავიმეორებთ. რაც შეეხება აქციაში მონაწილეობას, პარტიამ იმსჯელა ამასთან დაკავშირებით და პარტია მონაწილეობას არ მიიღებს აქციაში, მაგრამ ჩვენი საჯარო პოზიცია არაერთხელ გვითქვამს და მიგვაჩნია, რომ არის სრული უპასუხისმგებლობა და არაჰუმანურობის მკაფიო გამოხატვა, როდესაც ხდება კონსილიუმის გადაწყვეტილების იგნორირება"- თქვა ჯაფარიძემ.
დღეს, 19:00 საათზე კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის საზღგვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართება.
27 აპრილს ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი "საკუთარ თავს ინელებს".
ექიმები განმარტავენ, რომ ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მათი მოსაზრებით, მის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ ანორექსია ანუ მადის დაქვეითება გამოიწვია.