ფრანგულმა გამოცემა Marie Claire - Époque-მა რუსულ დამოუკიდებელ მაუწყებელ დოჟდზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
სტატიაში სახელით "რუსეთიდან დევნილი ჟურნალისტების წინააღმდეგობა თბილისში" მოთხრობილია კრიტიკული მედია დოჟდის ჟურნალისტების ცხოვრებასა და მომავლის გეგმებზე მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელ მედიას რუსეთის დატოვება მოუწია.
ქვეყნის დატოვების მიზეზი კი ის კანონი გახდა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთში მიიღეს. რუსეთის დუმამ 4 მარტს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, რუსული ჯარისა და უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ „ცრუ ინფორმაციის გავრცელება“ სისხლის სამართლის დანაშაული გახდა და კანონის დარღვევა 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფრანგული გამოცემა Marie Claire-ის ჟურნალისტები მათ საქართველოში ესტუმრნენ და შეცვლილ საცხოვრებელ და სამუშაო პირობებზე, მუშაობასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.
ჟურნალისტი და დოჟდის მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიატკო საუბრობს წლების განმავლობაში რუსეთში დამოუკიდებლად მაუწყებლობის სირთულეებზე და ამბობს, რომ ის ადრე თუ გვიან ელოდა, რომ დოჟდი მაუწყებლობას შეწყვეტდა.
„მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ დღესაც დოჟდი მაუწყებლობას შეწყვეტდა. მაგრამ არ მეგონა რომ ეს ასეთი სისასტიკით მოხდებოდა და მე სამყაროს შეუქცევადი ცვლილების თვითმხილველი გავხდებოდი.
გექცეოდნენ ისე, როგორც კრიმინალს იმის გამო, რომ შენს საქმეს აკეთებ შეურაცხმყოფელია. მე პატრიოტი ვარ. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა.“ - აცხადებს ტიხონ ძიატკო.
დოჟდის ჟურნალისტები მუშაობას თბილისში აგრძელებენ და ახლა სოციალური ქსელების გავლით ცდილობენ, რუს მოსახლეობას უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის ქმედებების შესახებ სანდო ინფორმაცია მიაწოდონ.
აუდიტორიასთან კომუნიკაციის ერთ-ერთი გზა დოჟდისთვის Youtube არხია. ჟურნალისტები ეკატერინე კოტრიკაძე და ტიხონ ძიატკო კვირაში 4-ჯერ 2 საათის განმავლობაში Youtube-ზე გადიან ეთერში გადაცემით კოტრიკაძე ძიატკო. მათ მაუწყებლობისთვის სტუდია ტელეკომპანია ფორმულამ დაუთმო.
ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილე და ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვის აშკარა იყო, რომ საქართველოში ჩამოსულ დამოუკიდებელი რუს ჟურნალისტებისთვის მხარი უნდა დაეჭირათ.
„იმიტომ რომ, ისინი ჩვენი კოლეგები არიან და ისინი იცავენ დემოკრატიის იდეალებსა და გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენც იმავესთვის ვიბრძვით პუტინისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. გარდა ამისა, როგორც ქართველი ჟურნალისტისთვის, პუტინი ჩვენი მტერია. ეს რუსი ჟურნალისტები კი გმირები არიან“, - აცხადებს გიორგი თარგამაძე.
დოჟდის ჟურნალისტების თქმით, ქართველების საოცარი ხელგაშლილობის მიუხედავად, ისინი კიდევ ერთხელ ემზადებიან საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის.
ტელეკომპანიის მფლობელი ნატალია სინდეევა აცხადებს, რომ დოჟდის მუშაობა თბილისში დროებითია და ის თავის ჯგუფთან ერთად მაუწყებლობის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს.
„3 მარტს რუსეთში დოჟდის მაუწყებლობის შეწყვეტა პირველი სეზონის დასასრული იყო. მეორე სეზონში კი პირველ ეტაპზე, ჩვენ გვექნება საბაზო სტუდია სადმე ევროპაში. შემდეგ კი სტუდიები შესაძლოა რამდენიმე ქალაქში შეიქმნას“, - აცხადებს სინდეევა.
დოჟდის გუნდი იმედოვნებს, რომ მაშინ, როცა ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი აღარ იქნება ისინი რუსეთში დაბრუნებასაც შეძლებენ და იმედი აქვთ, რომ ეს მალე მოხდება.