ხუთი მოქმედი მოსამართლე: ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
კერძოდ, საქმე ეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით, მათი აზრის გაზიარების გარეშე, შეუძლია მოსამართლე ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ხანგრძლივად, სამსახურეობრივი საქმიანობის შესასრულებლად მიავლინოს.
კანონში შეტანილი ცვლილებები ასევე ეხება მოსამართლის სურვილის გარეშე, მის ერთი ინსტანციიდან მეორეში გადაყვანას, ანუ დაქვეითებას, რაც მანამდე არსებული წესით დაუშვებელი იყო.
ამ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსამართლეთა საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დარეგისტრირდა.
სარჩელის დასაბუთებაში მომჩივანი მოსამართლეები აღნიშნულ ცვლილებებს "სადამსჯელო ღონისძიებად" მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ მისი მიზანი არასასურველი პოზიციების გამჟღერებელ, "ურჩ" მოსამართლეებზე გავლენის მოხდენაა.
"მთელი ამ პროცესის შედეგად, კანონმდებელმა სხვა სასამართლოში მივლინების/სხვა მოსამართლისათვის უფლებამოსილების დაკისრების წესში ცვლილების შეტანით მნიშვნელოვნად შეასუსტა ის გარანტიები, რომელიც მოსამართლეებს, როგორც საჯარო თანამდებობის პირებს, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით აქვთ უზრუნველყოფილი. ამასთანავე, გააჩინა განცდა, რომ მიღებული ცვლილები მიზნად ისახავს არასასურველი პოზიციის გამჟღერებელ, "ურჩ" მოსამართლეებზე გავლენის მოხდენას. მიუხედავად იმისა, რომ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სხვა სასამართლოში მივლინება დისციპლინური სახდელის სახეს არ წარმოადგენს, უფლებაში ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, მაინც შეგვიძლია ამგვარი გადაადგილება სადამსჯელო ღონისძიებად მივიჩნიოთ"- ვკითხულობთ სარჩელში.