logo
ENG



5 მოსამართლე ჩივის, რომ რუსული ოკუპაციისა და უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოხატვაც ეზღუდებათ

13 მაი 202214:07
3 წუთის საკითხავი
clock 2604
2022/05/13/4r4iiwpvthrm0q2.jpg

5 მოქმედი მოსამართლე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

მოსამართლეები სარჩელში დავობენ კანონში რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობაზე - მათ შორისაა გამოხატვის თავისუფლება.

მომჩივნები აცხადებენ, რომ გასაჩივრებული ნორმით მათ ეზღუდებათ სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ოკუპაციისა და ომის საწინააღმდეგო გამოხატვა.

მომჩივნები არიან: ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია. სარჩელი დღეს დარეგისტრირდა.

"მოსარჩელეები მიიჩნევენ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის საკანონმდებლო განუსაზღვრელობის პირობებში მოსამართლის გამოხატვის უფლების შეზღუდვას პოლიტიკური ნეიტრალურობის პრინციპის დარღვევით. გასაჩივრებული ნორმით იზღუდება გამოხატვის ნებისმიერი, ყველა ფორმა, თუ საშუალება, იქნება ეს სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ოკუპაციისა და ომის საწინააღმდეგო ტექსტური, სიმბოლური, აუდიო, ვიდე ან ფოტო გამოხატვა, ასევე მოწყვლადი, თუ უმცირესობების ჯგუფების ან სხვათა სოციალური სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა. გასაჩივრებული ნორმები უკვე მოქმედებს, შესაბამისად, მოსარჩელეთა გამოხატვის უფლება უკვე შეზღუდულია. ის გარემოება, რომ გამოხატვის უფლების დარღვევის საფუძვლით არ არის დაწყებული დისციპლინური ან სხვა პროცედურები, არ ნიშნავს, რომ თავად უფლება არ არის შეზღუდული"- წერია სარჩელში.

გარდა ამისა, მოსამართლეები დავობენ მივლებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე.

ერძოდ, საქმე ეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით, მათი აზრის გაზიარების გარეშე, შეუძლია მოსამართლე ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ხანგრძლივად, სამსახურეობრივი საქმიანობის შესასრულებლად მიავლინოს.

კანონში შეტანილი ცვლილებები ასევე ეხება მოსამართლის სურვილის გარეშე, მის ერთი ინსტანციიდან მეორეში გადაყვანას, ანუ დაქვეითებას, რაც მანამდე არსებული წესით დაუშვებელი იყო.

სარჩელის დასაბუთებაში მომჩივანი მოსამართლეები აღნიშნულ ცვლილებებს "სადამსჯელო ღონისძიებად" მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ მისი მიზანი არასასურველი პოზიციების გამჟღერებელ, "ურჩ" მოსამართლეებზე გავლენის მოხდენაა.

"მთელი ამ პროცესის შედეგად, კანონმდებელმა სხვა სასამართლოში მივლინების/სხვა მოსამართლისათვის უფლებამოსილების დაკისრების წესში ცვლილების შეტანით მნიშვნელოვნად შეასუსტა ის გარანტიები, რომელიც მოსამართლეებს, როგორც საჯარო თანამდებობის პირებს, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით აქვთ უზრუნველყოფილი. ამასთანავე, გააჩინა განცდა, რომ მიღებული ცვლილები მიზნად ისახავს არასასურველი პოზიციის გამჟღერებელ, "ურჩ" მოსამართლეებზე გავლენის მოხდენას. მიუხედავად იმისა, რომ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სხვა სასამართლოში მივლინება დისციპლინური სახდელის სახეს არ წარმოადგენს, უფლებაში ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, მაინც შეგვიძლია ამგვარი გადაადგილება სადამსჯელო ღონისძიებად მივიჩნიოთ"- ვკითხულობთ სარჩელში.


close დახურვა