logo
ENG



კობახიძე: ვინც წუხს, რომ საქართველო არ იყო G7-ზე, წუხს იმის გამოც, რომ საქართველო არაა ომში

14 მაი 202214:49
3 წუთის საკითხავი
clock 1025

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც საქართველო დიდი შვიდეულის სამიტს არ ესწრება, "პოზიტიურია". მისივე თქმით, ეს უკავშირდება იმას, რომ საქართველო ომთან არაა დაკავშირებული.

"ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი, რაც განიმარტა, მათ შორის, გერმანიის საელჩოს მხრიდან. მიზეზი არის ის, რომ ომს არ უკავშირდება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. შესაბამისად მიზეზი არის ძალიან პოზიტიური რატომაც არ ვესწრებით დიდი შვიდეულის სამიტს, არის ის, რომ არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინასა და მოლდოვასგან. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც წუხს, რომ საქართველო არ იყო დიდი შვიდეულის სამიტის მონაწილე, ისინი წუხან იმის გამოც, რომ საქართველო არაა ომში", - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო მინისტრები გერმანიის ჩრდილოეთში, ქალაქ ვაისენჰაუსში, 3-დღიან სამიტზე (12-14 მაისი) სხვადასხვა საკითხზე დისკუსიისთვის შეიკრიბნენ.

გერმანიაში დიდი შვიდეულის ქვეყნების გარდა შეხვედრაზე მიიწვიეს უკრაინისა და მოლდოვის საგარეო მინისტრებიც დმიტრო კულება და ნიკუ პოპესკუ. საქართველო 3-დღიან სამიტზე წარმოდგენილი არაა.

"სტუმრების სიაშია მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუც. მოლდოვა ომის დაწყებიდან ძალიან ბევრს მუშაობს, განსაკუთრებით უკრაინიდან ლტოლვილების მიღებისა და ზრუნვის კუთხით. ქვეყნის მხრიდან რეგიონში სიტუაციის შეფასება ასევე ძალიან ღირებული იქნება დიდი შვიდეულის პარტნიორებისთვის“ - წერია გერმანიის საგარეო ოფისის ოფიციალურ განცხადებაში.


close დახურვა