logo
ENG



ერდოღანის მრჩეველი: თურქეთი მზადაა აზოვსტალიდან დაჭრილი სამხედროები გემით გამოიყვანოს

14 მაი 202222:13
3 წუთის საკითხავი
clock 952
2022/05/14/la4yx2mxmnjhsqv.png

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი და პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი აცხადებს, რომ ოფიციალური ანკარა მზად არის აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი მებრძოლების ევაკუაციაში ჩაერთოს.

კერძოდ, როგორც კალინი Reuters-თან ინტერვიუში აღნიშნა, თურქეთის შეთავაზების თანახმად, აზოვსტალიდან ევაკუირებული ადამიანები უნდა გადაიყვანონ ბერდიანსკის პორტში სახმელეთო გზით, სადაც მათ თურქული გემი დახვდებათ და შავი ზღვის გავლით, სტამბოლში გადაიყვანს.

კალინი ამბობს, რომ ეს საკითხი პირადად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევში ვიზიტისას, 2 კვირის წინ განიხილა და თურქეთის შეთავაზება ახლაც "მოლაპარაკებების მაგიდაზეა", მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მასზე თანხმობა არ მოუცია.

"თუ იქნება შესაძლებლობა რომ ეს ამ ფორმით გავაკეთოთ, მოხარულები ვიქნებით. ჩვენ მზად ვართ. ფაქტობრივად, ჩვენი გემი მზად არის დაიძრას და ჩამოიყვანოს დაჭრილი სამხედროები და სხვა სამოქალაქო პირები თურქეთში", - თქვა მან.

კალინის თქმით, რუსეთის პოზიციები "დღითიდღე იცვლება". თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ ბერდიანსკის პორტიდან საზღვაო ევაკუაცია იყო ერთ-ერთი შეთავაზება, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიეღწიათ.

"გემი ჯერ კიდევ სტამბოლში იმყოფება. მზად არის დაიძრას, თუმცა ჩვენ ველოდებით რუსული და უკრაინული მხარეებისგან საბოლოო ნებართვას, რათა ის ბერდიანსკში გაემგზავროს და დაჭრილი სამხედროები ჩამოიყვანოს თურქეთში", - განაცხადა კალინმა.


close დახურვა