გენერალური პროკურატურის განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 142 ათას ლარზე მეტი აზარტული თამაშების ანგარიშზე გადარიცხა. ბუღალტერი დაკავებულია.
გამოძიების ინფორმაციით, სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.