ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას და ვიოლა ფონ კრამონს ანტიევროკავშირი უწოდა. ეს განცხადება კობახიძემ საზმაუს ეთერში, ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას გააკეთა.
შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს კრამონის განცხადებას, რომელიც წულუკიანის სიტყვებს მოჰყვა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ვიოლა ფონ კრამონზე სერიოზული განცხადების გაკეთება არ შეიძლება და მიზეზად პიროვნული თვისებებიც დაასახელა.
"ვიოლა ფონ კრამონზე საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება და ბევრი მიზეზი მაქვს ამისთვის. მათ შორის, პიროვნული კონკრეტული ფაქტორების გამო.
რაც შეეხება მედიის თავისუფლების უკუსვლას, თქვენ რაში ხედავთ უკუსვლას მედიის თავისუფლების კუთხით. რა შეიცვალა, მაგალითად შარშან გვქონდა ბევრად უკეთესი მდგომარეობა, წელს უარესი, ამას ამბობენ ვიღაცები ფონ კრამონი და ა.შ. რა გვაქვს ასეთი ცვლილება. ყველა ტელევიზია ისევე მუშაობას, როგორც მუშაობდა შარშან, არავითარი ცვლილება არ არის. სად არის უკუსვლა?
უკუსვლა არის აღქმებში. ამ აღქმებს აყალიბენენ აქ ნაცმოძრაობა, იქ ფონკრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის სინამდვილეში ერთი პატარა ჯგუფი. ზუსტად ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი, რადგან ევროპული ღირებულებები არის ბევრი რამ, მაგრამ მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესი არის სამართლის უზენაესობა.
როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული შენ გთხოვენ, რომ კანონი არ აღასრულო და ეს არის მათი მთელი ხაზი, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი - ისინი არიან კრიმინალების, კონკრეტული კრიმინალური პოლიტიკური ძალის მფარველები. „ნაცმოძრაობა“ რა დანაშაულს ჩადიოდა 2012 წელს არ იცოდა ვიოლა ფონ კრამონმა? ან არ იცოდა იგივე რიშმა და ა.შ. ყველამ იცოდა", - თქვა კობახიძემ.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ "უცხოელების ვიწრო" ჯგუფს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად საქართველოს მთავრობის "გადაყირავების" ინტერესი აქვს. ამაზე საუბრისას წულუკიანმა ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა და ვიოლა ფონ კრამონი ახსენა.
მოგვიანებით, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლის ბრალდებებს უგემოვნო და უსაფუძვლო უწოდა.