logo
ENG



თსუ-ში პროტესტი გრძელდება - სტუდენტები, უკვე მეორე დღეა, რექტორთან შეხვედრას ითხოვენ

31 მაი 202217:28
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელებასა და ფინალური გამოცდების ონლაინ ჩატარებას კვლავ ითხოვენ.

ამ მოთხოვნებით, სტუდენტები უკვე მეორე დღეა უნივერსიტეტში საპროტესტო აქციებს მართავენ და რექტორთან შეხვედრა სურთ.

ცოტა ხნის წინ, სტუდენტებმა კანცელარიის ოთახი დაიკავეს და განაცხადეს, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ, სანამ გიორგი შარვაშიძე მათ არ შეხვდება.

ადგილზე იმყოფებიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და დაცვის თანამშრომლები, რომლებიც ამბობენ, რომ რექტორი სტუდენტებთან შეხვედრას ვერ ახერხებს, რადგან უნივერსიტეტში არ იმყოფება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლდა. სტუდენტები ითხოვდნენ, მიმდინარე სემესტრი ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელებულიყო, მიზეზად კი ბინების გაძვირებას ასახელებენ და ამბობენ, რომ ქირაობა არ შეუძლიათ.

11 მაისს, განათლების სამინისტრომ თსუ-ს მოუწოდა, 2021-2022 სასწავლო წელი ჰიბრიდულ ფორმატში დაასრულოს, რის შემდეგაც, თსუ-მ გაავრცელა განცხადება, რომ სწავლა ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელდებოდა, თუმცა ფინალური გამოცდები აუდიტორიაში ჩატარდებოდა.

ამასთან, თსუ-ს გადაწყვეტილებით, თბილისის გარდა საგამოცდო ცენტრები - ქუთაისსა და ახალციხეშიც მოეწყობა.


close დახურვა