logo
ENG



მიხეილ სააკაშვილი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას, სავარაუდოდ, ვერც კლინიკიდან შეძლებს

02 ივნ 202215:32
3 წუთის საკითხავი
 
მიხეილ სააკაშვილი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას, სავარაუდოდ, ვერც კლინიკიდან შეძლებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას, სავარაუდოდ, ვერც კლინიკიდან შეძლებს.

ეს განცხადება სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კლინიკა ვივამედში მესამე პრეზიდენტი მოინახულა.

საძაგლიშვილის თქმით, სააკაშვილს აქვს სურვილი, როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, სასამართლო პროცესებში მონაწილეობის სურვილი გააგრძელოს.

"სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება. მოგეხსენებათ, დანიშნული იყო ექსპერტიზა და ექსპერტები ჩართულები არიან ამ პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი მალე და შედეგიანად დასრულდება.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომებზე მონაწილეობას, მოგეხსენებათ, მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას მის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურ საქმეებზე და ყველა სხდომაზე გამოდიოდა სიტყვით, შესაბამისად, მას სურვილი აქვს მომავალშიც გააგრძელოს პროცესებში მონაწილეობის მიღება, როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს, მაგრამ, სამწუხაროდ არ ვართ ამ მომენტთან ახლოს, ისევ და ისევ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

რეალურად, არანაირი აზრი არ აქვს გასვლითი სხდომის ჩატარებას, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მოიცავს მხოლოდ სასამართლოში მისვლის საკითხს, ამიტომ ეს შემოთავაზება უბრალოდ უშედეგო იქნება, ყველა შემთხვევაში. შესაბამისად, მოგვიწევს იქამდე მოცდა, ვიდრე  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემს შესაძლებლობას სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღების", - თქვა საძაგლიშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის 9 ივნისამდე გადაიდო.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარეს შესთავაზა, შემდეგი სხდომა გასვლითი ხასიათის იყოს და კლინიკა ვივამედში ჩატარდეს. 


close დახურვა