საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსეთი არ იყოს დამცირებული, რათა ომის დასრულების შემდეგ დიპლომატიური გადაწყვეტები მოიძებნოს.
ემანუელ მაკრონს სჯერა, რომ მედიაციის პროცესში პარიზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა არაერთხელ დაურეკა და ესაუბრა ვლადიმირ პუტინს. მისი ეს ქმედებები და პოზიცია ბალტიისპირეთის ქვეყნებმა არაერთხელ გააკრიტიკეს, რადგან მიიჩნიეს, რომ მაკრონი ხელს უშლის ზეწოლას, რამაც პუტინი უნდა აიძულოს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
"ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რადგან როცა ბრძოლები შეწყდება, შევძლოთ, ავაშენოთ ხიდი დიპლომატიური გზებით. დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთის როლია, შეასრულოს მედიატორის როლი. მე პუტინს ვუთხარი, რომ უშვებს ისტორიულ და ფუნდამენტურ შეცდომას თავისი ხალხის, თავისი თავისა და ისტორიის წინაშე". - ამბობს ის ფრანგულ მედიასთან.
საფრანგეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, თუმცა, უშუალოდ ემანუელ მაკრონი, სხვა ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებით, უკრაინისთვის მხარდაჭერის სიმბოლურად გამოსახატად კიევში არ ჩასულა.