logo
ENG



მერკელის თქმით, 2008-ში უკრაინის NATO-ში მიღება პუტინს, შესაძლოა, ომის გამოცხადებად მიეღო

08 ივნ 202210:57
3 წუთის საკითხავი
 

გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისთვის MAP-ის მინიჭებას იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ, ეს შესაძლოა პუტინს ომის გამოცხადებად მიეღო, რაც უკრაინას მეტ ზიანს მოუტანდა.

მერკელმა ინტერვიუში კიდევ ერთხელ დაიცვა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე საკუთარი პოზიცია.

2008 წელს NATO-მ დადო პირობა, რომ 2 ქვეყანა ალიანსს მომავალში შეუერთდებოდნენ, თუმცა უარი თქვა "წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP)" ამოქმედებაზე, რაც ქვეყნებს ალიანსში 5-10 წელში გაწევრიანების შესაძლებლობას მისცემდა.

2022 წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან ეს არასწორი გათვლა იყო, რამაც რუსეთი "წაახალისა". უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბუჩაში რუსული ძალების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ გახდა ცნობილი.

Deutsche Welle-სთან ინტერვიუში მერკელმა აღნიშნა, რომ თუ NATO საქართველოსა და უკრაინას წევრად მიიღებდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა, უკრაინისთვის "უდიდესი ზიანი მოეტანა", როგორც ეს, მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში მოხდა -  ბუქარესტის დეკლარაციიდან 6 თვეში რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რითაც ევროპაში 21-ე საუკუნის პირველი ომი წამოიწყო.

მერკელმა ალიანსის წევრობაზე უარის მიზეზად წარსულში უკრაინაში არსებული სისტემური კორუფციაც დაასახელა.

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა განაცხადა, რომ 2008 წელს უკრაინა პოლიტიკურად დაყოფილი, არამყარი დემოკრატიის მქონე ქვეყანა იყო, რომელსაც ოლიგარქები მართავდნენ და ამ პირობებში ალიანსი ვერ მისცემდა მას წევრობის სამოქმედო გეგმას.

„პრეზიდენტი ზელენსკი მამაცად იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, თუმცა მაშინ უკრაინა ნამდვილად ოლიგარქების მიერ მართული ქვეყანა იყო და აქ ნამდვილად ვერ იტყოდი „კარგი, ხვალ ჩვენ მათ NATO-ში მივიღებთ“.

ეს არ იყო ის უკრაინა, რომელსაც დღეს ვიცნობთ. ეს იყო უკრაინა, რომელიც ძალიან, ძალიან დაყოფილი იყო პოლიტიკურად. ეს არ იყო სტაბილური დემოკრატია. და როცა ქვეყანას NATO-ში იღებ - და წევრობის სამოქმედო გეგმა ამის მკაფიო წინაპირობაა - უნდა იცოდე, რომ კარგად ხარ მომზადებული, რომ ნამდვილად დაიცვა ასეთი ქვეყანა თუ თავდასხმა მოხდება.

მე დარწმუნებული ვიყავი, რომ პუტინი ამას არ დაუშვებდა. მისი პერსპექტივიდან ეს ომის გამოცხადება იქნებოდა“ - განაცხადა ანგელა მერკელმა.


close დახურვა