ევროპარლამენტის რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
რეზოლუციის საბოლოოდ ტექსტი გამოქვეყნებული არაა, თუმცა ფორმულას ინფორმაციით შესწორება, რომელიც ივანიშვილს ეხება, დოკუმენტში შევიდა.
"გამოვხატავთ შეშფოთებას დამანგრეველი როლის გამო, რომელსაც თამაშობს ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე კონტროლის დონით, რომელიც მას აქვს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; ღრმად ვართ შეშფოთებული ივანიშვილის გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განაპირობებს საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციებზე; მოვუწოდებთ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიცირებული.
თავდაპირველად 6-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა რეზოლუციების საკუთარი ვერსია მოამზადა, შემდეგ კი 5 პოლიტიკური ჯგუფი საერთო ტექსტზე შეთანხმდა, მათ შორის იყო S&D, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორია.
დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში გაუარესებული მედიამდგომარეობის გამო, გმობენ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, ძალადობისა და დევნის ფაქტებს.
რეზოლუციაში განხილულია 5 ივლისის, ნიკა გვარამიას საქმეები, ასევე, TV პირველის მფლობელებისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ დაწყებული დევნა.