logo
ENG



ღარიბაშვილი: ქართველი ხალხი ისევ უნდა დაიჩაგროს, ომში ჩაებას? ამ კითხვებს ღიად ვსვამ

13 ივნ 202214:31
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში გაიზარდა ეკონომიკა, მეტია ინვესტიციები და ა.შ, რაც "მთავრობის ეროვნული პოლიტიკის" დამსახურებაა. 

ეროვნული პოლიტიკა, თავის მხრივ, ღარიბაშვილის აზრით, რუსეთის მიმართ სანქციების არდაწესება და დასავლური სანქციების არშეერთებაა

"რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს მთავრობას არ გამოეჩინა წინდახედულობა, რომ არ გაეტარებინა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების პოლიტიკა, ეროვნული პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა და რაღაც გაუაზრებელი, ემოციური გადაწყვეტილებები მიგვეღო; მოგვესმინა ჩვენი ქვეყნის შიდა მტრებისთვის, რომლებიც ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის ჩართვას პირდაპირ ომში, ვინმეს ილუზია აქვს, რომ დღეს აქ რამე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები იქნებოდა? კი არა ამ ქვეყანაში არაფერი არ იქნებოდა. ამას ემატება, რომ ეროვნული ვალუტა არის გამყარებული და ეს ტენდენცია გრძელდება. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ეს იქნებოდა, თუ დავაწესებდით სანქციებს. რას ნიშნავს ეს, რომ რეალიზაცია უნდა შეგვეწყვიტა, უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. 

მილიონი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. ვინმემ იფიქრა, რა ბედი ეწეოდათ?" - თქვა პრემიერმინისტრმა. 

ღარიბაშვილი ამბობს იმასაც, რომ ევროკავშირს კვლავ აქვს რუსეთთან ვაჭრობა, რის გამოც ამ ქვეყანაში დღეში 1 მილიარდი აშშ დოლარი შედის. 

"და ჩვენ რა, არ გვაქვს ეროვნული ინტერესები? ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები? თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას, დავკარგოთ ტერიტორიები, დავკარგოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ამ კითხვებს ღიად ვსვამთ და კიდევ უფრო ღიად დავსვამთ, ველოდებით, სამართლიან გადაწყვეტილებას". - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 


close დახურვა