პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს რიყეზე, ევროპის მოედანზე აქცია დააანონსა.
"გთავაზობთ და რაღაც დეჟავუც მაქვს - შევიკრობოთ ყველა არა იპოდრომზე, არამედ რიყეზე, ევროპის მოედანზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი". - თქვა ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
20 ივნისს, ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლიდან 3 წლის თავზე, მოძრაობა სირცხვილიამ აქცია "შინ, ევროპისკენ" დააანონსა. სალომე ზურაბიშვილმა თავისი აქცია 4 დღით ადრე დანიშნა.
ზურაბიშვილმა სირცხვილიას მიმართა, გადადონ აქცია, რომელიც "ბევრ საფრთხეს უკავშირდება".
სირცხვილიას აქცია 20 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაიწყება.
შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. 21:00 საათზე კი აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.