მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თანამშრომელთა დაბარება და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო.
პროფკავშირში აცხადებენ, რომ მათი წევრები ახლადშექმნილმა მონიტორინგის სამსახურმა 14 ივნისს დაიბარა და ახსნა-განმარტების დაწერა მოსთხოვა.
"2022 წლის პირველ აპრილს საქართველოს ეროვნული მუზეუმში გაუმჭვირვალე რეორგანიზაციის ფარგლებში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი გაუქმდა და მისი ფუნქცია მონიტორინგის დეპარტამენტმა შეითავსა.
9 ივნისს პროფესიული კავშირის წევრები დამსაქმებელთან კოლექტიური დავის წამოწყების და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კანცელარიაში განცხადების შეტანის მიზნით მუზეუმის წინ 17:00-17:30 საათზე შეიკრიბნენ.
14 ივნისს ახლადშექმნილმა მონიტორინგის სამსახურმა შეკრებილი თანამშრომლების დაბარება და შეკრებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების დაწერა მოთხოვა. ვინაიდან დასაქმებულებმა გამოიყენეს კუთვნილი შესვენების უფლება, შესაბამისად დამსაქმებლის მხრიდან მსგავსი ტიპის შეკითხვა, ჩვენი შეფასებით არის პროფკავშირული საქმიანობისთვის ხელის შეშლა", - აღნიშნულია პროფკავშირის განცხადებაში.
პროფკავშირი მოუწოდებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციას, შეწყვიტოს თანამშრომლების დაშინება და ფსიქოლოგიური ზეწოლა.
მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, ეროვნული მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. სამინისტროს განცხადებით, ეს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა, თავად გათავისუფლებულები კი პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკობენ.