საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროპელ ლიდერებთან გასაგზავნად წერილი გადასცა.
წერილით 2016 წლამდე თანამდებობაზე მყოფი საქართველოს პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები ითხოვენ, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად.
აღსანიშნავია, რომ ხელმომწერებს შორის არ არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ქართული ოცნების არც ერთი წევრი.
"პირველად შედგა საქართველოში, რომ 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი აწერს ამ წერილს ხელს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი პოზიციების დაფიქსირება. დაფიქსირება იმ წერტილების, სადაც ჩვენ ჩვენი განსხვავების მიუხედავად, ერთიანები ვართ. არ შემიძლია ამ მომენტში არ გავიხსენო პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე მეტად იქნებოდა ამ დოკუმენტის ინიციატორი და ხელის მომწერი და მან თქვა ისტორიული ფრაზა "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი" და ეს არის ზურაბ ჟვანია. ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში იმისთვის, რომ ეს ვალდებულებები დარჩენილიყო, მაგრამ ჯერ კანდიდატობა მოეცათ და ვალდებულებების შემდეგ შესრულებაზე ყოფილიყო ლაპარაკი"- აცხადებს მარგველაშვილი.
17 ივნისს, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა.
24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.