logo
ENG


ოხანაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: მორიგი ნაბიჯია მღელვარების მუხტის წასახალისებლად

23 ივნ 202213:07
3 წუთის საკითხავი
clock 260
ოხანაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: მორიგი ნაბიჯია მღელვარების მუხტის წასახალისებლად
ფორმულა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მოსმენების კანონზე ვეტოს დადება დეპოლარიზაციის ნაცვლად, "მღელვარების მუხტის წახალისებას" ემსახურება.

ოხანაშვილის მტკიცებით, ეს კანონი შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს და საქართველოს კონსტიტუციას.

"პრეზიდენტის ეს ნაბიჯი პოლარიზაციის შემცირებას ემსახურება, თუ პირიქით პოლარიზაციის გაზრდას და მღელვარებისთვის მუხტისთვის ხელშეწყობას, ეს საზოგადოებამ განსაჯოს. ეს არის მორიგი ნაბიჯი მღელვარების მუხტის წასახალისებლად. ჩვენ ეს საკითხი დაჩქარებულად არ განგვიხილავს. ეს საკითხი განხილული იქნა პროცედურების სრული დაცვით, დაჩქარების გარეშე, მათ შორის ოპოზიციის ჩართულობით, სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით, სადაც ჩვენ დავუთმეთ დიდი დრო ამ საკითხზე მსჯელობას. ეს კანონი შესაბამება სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს და საქართველოს კონსტიტუციას და საუბარი იმაზე, რომ საუბარი იმაზე, რომ რაიმე ფორმით ხდება უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება და ეს არ არის შესაბამისი ევროპულ მიდგომებთან, ეს არ არის სიმართლე"- თქვა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და ეჭვობს, რომ პარლამენტის წინაშე ზურაბიშვილი "მოტივირებულ შენიშვნებს" ვერ წარადგენს.

"დაველოდებით მოტივირებულ შენიშვნებს, რომლებიც პრეზიდენტმა უნდა წარმოადგინოს და ასევე, პრეზიდენტის წარმომადგენელს მოუწევს ახსნა პარლამენტის წინაშე, რაში მდგომარეობს მათი შენიშვნები. ეჭვი მაქვს, შეძლონ რაიმე არგუმენტის წარმოდგენა. განცხადებაშიც იყო საუბარი, რომ ეს არის პოლიტიკური. ეს პოლიტიკურიც რაში მდგომარეობს და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება რამდენად არის დასაბუთებული, ამასაც სჭირდება ხსნა. ეჭვი მაქვს, ასეთი ახსნა იყოს წარმოდგენილი, რაც გამოიწვევს იმას,რომ ვეტო იქნება დაძლეული"- თქვა ოხანაშვილმა.

22 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო. ეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირველი ვეტოა. 

ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი ვეტო დაძლეული იქნება, თუმცა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ყველა კანონს ვეტოს დაადებს.

"ეს არის უფრო პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი. არ შეიძლება, რომ ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, ვიყოთ უფრო ევროპელი", - თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

ქართული ოცნების დეპუტატებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებებს გულისხმობს. ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებას, საკომუნიკაციო არხებიდან ინფორმაციის მოხსნასა და ფარულ ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერას მოიცავს. მიღებული ცვლილებების შედეგად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები 9 თვემდე გახანგრძლივდება. ქართული ოცნების კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 7 ივნისს მიიღო.


close დახურვა