ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა.
"შეთანხმება. ევროპულმა საბჭომ ახლახანს გადაწყვიტა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისა და მოლდოვისთვის. ისტორიული მომენტი. დღევანდელი დღით აღინიშნება აუუცილებელი ნაბიჯი ევროკავშირისკენ თქვენს გზაზე. ვულოცავთ ვოლოდიმირ ზელენსკის და მაია სანდუს და უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთად ყოფნაშია." - წერს შარლ მიშელი ტვიტერზე.
საქართველოს შესახებ კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიანიჭოს, რაც ევროკომისიის რეზოლუციაში გაწერილ პირობებს შეასრულებს.
"ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია" - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ტვიტერზე.
კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი.
დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.