logo
ENG



ქარტია: მოვითხოვთ, შეწყვიტოს ხელისუფლებამ მედიის წარმომადგენლებზე აგრესიული რიტორიკა

24 ივნ 202217:45
3 წუთის საკითხავი
clock 830
2022/06/24/noyywf9dxq3aut0.png

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს, შეწყვიტოს ხელისუფლებამ მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკა. ამით ქარტია ეხმაურება გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი TV პირველის ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

გარდა ამისა, ქარტია ეხმაურება TV პირველის ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორზე თავდასხმას და გმობს მომხდარს.

"2022 წლის 24 ივნისს, თბილისში, TV პირველის ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის მიზეზი მათი პროფესიული საქმიანობა გახდა.

გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ასევე TV პირველის ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგნაირად მიმართა: "თვალებგადმოყრილი ლაპარაკობ კორიდორში", "დაკარგე ადამიანის სახე", "ცუდად ხარ, გატყობ, რომ გაგიჟებული ხარ", რის შემდეგაც ჟურნალისტმა მას სამარცხვინო უწოდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე ძალადობას და ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას. ქარტია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს. ქარტია, მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. მოვუწოდებთ უწყებას, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი და დამნაშავეები დაისაჯონ კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომით"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა