logo
ENG



"ეს სევდიანი დღეა ქვეყნისთვის" - ბაიდენი აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე

24 ივნ 202223:56
3 წუთის საკითხავი
clock 1067
2022/06/25/aujhl4ayvnl2fj4.jpg

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმოს აბორტის კონსტიტუციური უფლება ამერიკელ ქალებს საკუთარ სხეულზე კონტროლის უფლებას წაართმევს. 

"ეს სევდიანი დღეა სასამართლოსა და ქვეყნისთვის", - თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას. მან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას "სასტიკი" უწოდა და განაცხადა, რომ ამერიკა 150 წლით უკან ბრუნდება.

მან მოუწოდა კონგრესს, რომ მიიღოს კანონი აბორტის უფლებების აღსადგენად, ხოლო ამომრჩეველს - ამოირჩიონ კანონმდებლები და შტატის ხელმძღვანელები, რომლებიც ამ უფლებებს დაიცავენ.

ბაიდენის თქმითვე, მისი ადმინისტრაცია დაიცავს უფლებას, რომ აბორტის გასაკეთებლად ქალებმა შტატების საზღვრების გადაკვეთა შეძლონ, ასევე, გაატარებენ ზომებს, რომ მედიკამენტები აბორტისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი გახდეს.

როგორც Reuters წერს, თავისი კარიერის დასაწყისში ბაიდენი Roe გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო და მხოლოდ მოგვიანებით მიიღო აბორტის უფლება.

"დღეს ავტომატურად ძალაში შედის შტატების კანონები, რომლებიც აბორტს კრძალავს", - თქვა ბაიდენმა, რომელმაც ზოგიერთ კანონს უწოდა "იმდენად ექსტრემალური, რომ ქალები შეიძლება დაისაჯონ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვისთვის" და "იძულებულნი გახდებიან, საკუთარი მოძალადის ბავშვები გააჩინონ".

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ აბორტის ფედერალურ-კონსტიტუციური უფლება გააუქმა. 

რამდენიმე კვირით ადრე, Politico-მ პირველადი დოკუმენტი გაავრცელა, რომელშიც Roe v Wade-ის გადაწყვეტილებით ცნობილი აბორტის  ფედერალურ-კონსტიტუციური უფლების სავარაუდო გაუქების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ცალკეულ შტატებს შეეძლებათ, ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება აბორტის პროცედურის დაშვება-აკრძალვასთან დაკავშირებით. 

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის შტატების ნახევარი ახალ შეზღუდვებს ან აკრძალვებს შემოიტანენ საკუთარ კონსტიტუციებში. მაგრამ ასევე, რამდენიმე შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა, მათ შორის კალიფორნიის, ნიუ-მექსიკოსა და მიჩიგანის ჩათვლით, უკვე გამოაცხადეს, რომ Roe v Wade-ის გააუქმების შემდეგ ისინი საკუთარ კონსტიტუციებში აბორტის უფლებას შეიტანენ. 

პროექტი არის 1973 წლის გადაწყვეტილების (Roe v. Wade) უარყოფა,  რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუცია იცავს ორსული ქალის თავისუფლებას, აირჩიოს აბორტი ხელისუფლების ზედმეტი შეზღუდვის გარეშე.

1992 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსაზრება, რომ ქალის უფლება, აირჩიოს აბორტი, კონსტიტუციურად არის დაცული. ასევე, გააუქმა აბორტის შეზღუდვების გადახედვის მკაცრი კონტროლის სტანდარტი.


close დახურვა