logo
ENG



ბოკერია: საზიანოა ნებისმიერი ჯგუფის მიერ საკუთარი თავის მთავრობად დანიშვნის იდეა

25 ივნ 202216:53
3 წუთის საკითხავი
clock 907

გიგა ბოკერიას განცხადებით დღევანდელ ვითარებაში, ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ სამოქალაქო პროტესტს პარტიული კუთვნილების არ მქონე აქტიური მოქალაქეები ჩაუდგნენ სათავეში.

ასევე შესაძლებელია, ამ ფიგურების მონაწილეობით, ფართო კონსენსუსის საფუძველზე ე. წ. ტექნიკური, დროებითი მთავრობა შეიქმნას და თავისუფალი არჩევნების ჩატარება დაევალოს, მას შემდეგ, რაც საყოველთაო პროტესტი ივანიშვილის რეჟიმს მოარყევს.

მაგრამ, მისი თქმით, ქვეყნის მართვა, ძალაუფლების განხორციელება, ქვეყნის ტრანსფორმაცია მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შედეგად ამომრჩევლების მანდატის მქონე მთავრობას, ანუ დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებულ გუნდს შეუძლია.

მისი თქმით, არასერიოზული და საზიანოა, ნებისმიერი ჯგუფის მიერ საკუთარი თავის მთავრობად დანიშვნის იდეა.

"ეს ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიის საფუძველს და არც საპროტესტო მოძრაობის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

მოქალაქეთა ნებისმიერ ჯგუფს, ვისაც აქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ ქვეყნის მართვაში მიიღოს მონაწილეობა, მოუწევს ამისთვის ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვება - პოლიტიკურ პარტიად/ერთეულად ქცევა და ხალხის დარწმუნება, რომ მათი ხედვა და უნარი სჭირდება ქვეყანას .

რაც მთავარია, ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, ჯერ ის ვითარება უნდა შევქმნათ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების გარდაუვალ დათმობას შეეგუოს. ყველა პარტია და  აქტიური სამოქალაქო ჯგუფი სწორედ ამ ამოცანას უნდა ემსახუროს. ევროპული საქართველო სწორედ ამაზეა ფოკუსირებული და აფართოებს იმ მოქალაქეების რაოდენობას, ვინც მზადაა ივანიშვილს ძალაუფლება ჯიუტი პროტესტით დაათმობინოს". - ამბობს გიგა ბოკერია. 

24 ივნისს გამართულ აქციაზე მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" ხელისფლების მიმართ მოთხოვნები გამოაცხადა. მოძრაობა ითხოვს, "გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს, სანამ ზამთარი მოვა".

მოგვიანებით მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ თქვა, რომ ტექნიკურ მთავრობაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ. 

მოძრაობამ   ხელისუფლებას 1 კვირა მისცა იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა. 

ასევე, 3 ივლისს დაანონსდა კიდევ ერთი აქცია. 


close დახურვა