logo
ENG


ბიზნესმენ ლევან კაჭარავას შეკვეთილი მკვლელობა - შაბათის ფორმულამ დეტალები გაარკვია

25 ივნ 202220:12
3 წუთის საკითხავი
clock 2470

გუშინ, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მანქანას ბაგები-წყნეთის გზის მოსახვევში მინიმუმ 20-ჯერ ესროლეს. ლევან კაჭარავა ადგილზე გარდაიცვალა, გადარჩა მისი მძღოლი, რომელიც თავდასხმის ერთადერთი თვითმხილველია.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, კაჭარავას ჩასაფრება სამმა ადამიანმა მოუწყო. ბიზნესმენის ტოიოტა ქემრის უკან კიდევ ერთი მანქანა მიჰყვებოდა, რომლიდანაც ჩასაფრების ადგილას მყოფებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მათ კაჭარავა მიუახლოვდა.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, მკვლელობის ადგილი - შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ნაფეტვრების მიმართულებით დატოვეს. შაბათის ფორმულას ცნობით, გამოძიება პროფესიონალ სამხედროს ან სამხედროებს ეძებს. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობის ადგილზე ორი სხვადასხვა ტიპის იარაღიდან გაისროლეს.

შაბათის ფორმულას სანდო წყაროს უყვება, რომ ლევან კაჭარავას დაპირისპირება ოთარ ფაცხალაძესთან და ძმებ მიქაძეებთან ჰქონდა. საქმე ეხებოდა მიწის ნაკვეთს ბაგებში, რომლის დათმობასაც ქართულ ოცნებასთან ახლო კავშირში მყოფი კრიმინალური დაჯგუფება მისგან ითხოვდა.

მკვლელობის შემდეგ მალევე, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გავრცელდა კიდევ ერთი ვერსია, რომ შესაძლოა ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთილი მკვლელობის გამო ჩაეცხრილათ. ვერსიის თანახმად ის კვარაცხელიას მკვლელობის სავარაუდო დამკვეთებს, ძმებ კაკულიებს დამალვასა და დანაშაულის დაფარვაში ეხმარებოდა. ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მალევე გამოეხმაურა ამ ვერსიას და კატეგორიულად გამორიცხა კვარაცხელიას ოჯახის კავშირი შურისძიებასთან და კაჭარავას კავშირი მათ ოჯახთან.

ლევან კაჭარავა ჯორჯიან ტრანზოილის დამფუძნებელი იყო. მან წლების წინ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან იგივე ზარალასთან ერთად Silk Road Group დააფუძნა, თუმცა მოგვიანებით მან და რამიშვილმა ბიზნესები გაიყვეს და კაჭარავა სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებელი გახდა, მათ შორისაა ჯგუფი MULTIPLEX, რომლის ძირითადი საქმიანობა ენერგეტიკა და ლოჯისტიკა იყო. ბოლო წლების განმავლობაში ლევან კაჭარავა საფრანგეთში ცხოვრობდა და თბილისში მცირე ხნით ჩამოდიოდა. ახლაც ის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა თბილისში და ქვეყანა ერთ კვირაში უნდა დაეტოვებინა.

ლევან კაჭარავას სახელი 1992 წელს ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებდა. მაშინ მხედრიონთან დაპირისპირებული ძმები ვერის  სასაფლაოზე ჩაცხრილეს. მკვლელობას თორაძეების არასრულწლოვანი დაც ესწრებოდა, რომელმაც გუშინ ლევან კაჭარავას მკვლელობის შემდეგ ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნებინათ, სადაც წერს, რომ მისი ოჯახის წევრების მკვლელობასთან კაჭარავაც კავშირში იყო.


close დახურვა