logo
ENG



Tbilisi Pride: მოვითხოვთ, მთავრობამ განაცხადოს, რომ დაიცავს კვირეულის სამივე ღონისძიებას

26 ივნ 202212:28
3 წუთის საკითხავი
clock 2494

Tbilisi Pride საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, დაიცვას კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოება. 

კვირეული 28 ივნისს იხსნება და 2 ივლისს სრულდება, ამასთან, არ ტარდება ღირსების მარში - ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეშია დაგეგმილი. 

მიუხედავად ამისა, პრორუსული, ჰომოფობიური, სიძულვილის ჯგუფები ამ ღონისძიებების ჩაშლით და 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის განმეორებით იმუქრებიან. 

Tbilisi Pride აცხადებს, რომ 2 თვეა, აქტიურად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უწყებას აწვდის სრულად და ზუსტ ინფორმაციას კვირეულის ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე, ძალოვან სტრუქტურებს აწვდის ფაქტებს მუქარების და ძალადობის ორგანიზების შესახებ.

"შსს-სთან შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით. ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიებს და როგორც მათ მიერ გაჟღერდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში თავადაც გააკეთებენ განცხადებას. ასევე, მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება". - აცხადებს Tbilisi Pride. 

თუმცა, მათ აღელვებთ და აშინებთ ის, რომ მაღალი თანამდებობის პირები ბოლო დღეებში აქტიურად აკეთებენ თბილისი პრაიდისა და ლგბტქ თემის დამაზიანებელ, მადისკრედიტირებელ, ძალადობის წამახალისებელი განცხადებებს.

"კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს გვდებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და ხელოვნურად ცდილობს ჩვენს დაკავშირებას პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან. ხოლო ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს 5 ივლისის ორგანიზებაში ალტ ინფოს ლიდერების ბრალს, რითიც ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და სტიმულს აძლევს წლევანდელ იდენტურ მუქარებს.

მოვითხოვთ:

  • მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს თბილისი პრაიდის კვირეულის სამივე ღონისძიებას და მისი თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას.
  • ასევე, უზრუნველყოს საჯაროდ წესრიგის დაცვა, ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებსა და მთელ ქალაქში. 
  • მოვითხოვთ, დასაჯოს 5 ივლისის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს". - აცხადებს ორგანიზაცია. 

close დახურვა