ელენე ხოშტარია ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემი წინასწარი შეთანხმების გარეშე შემოსულიყო.
დროას ლიდერი საუბრობს სანქციებისთვის თავის არიდების მექანიზმზე და ამბობს, რომ ამ სქემის მიხედვით პორტში შემოსულ გემს უცვლიან წარმოშობის დოკუმენტაციას იმისათვის, რომ შემდეგ სანქცირებული ტვირთის სხვაგან წაღება მოხდეს.
ელენე ხოშტარია ეკონომიკის მინისტრის მიერ დადასტურებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც სანქცირებული ნავთობითაა დატვირთული, ბათუმის ნავსადგურში 26 ივნისს შევიდა. შემოსავლების სამსახურის 27 ივნისის განცხადებით, გემს პორტში შესვლის უფლება იმიტომ მიეცა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი სანქცირებული არ იყო.
"2020-21 წელს ამერიკის სენატორებმა განაცხადეს, რომ ვციტირებ: „ირანული ნავთობის უკანონო სამიზნე ისევ გახდა ბათუმის პორტი". ანუ ეს არის აპრობირებული მეთოდი კონკრეტულად ბათუმში."
ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ამ ფაქტის უკან დგას წარმოშობით ქართველი, შვედეთის მოქალაქე, დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული.
„მან 2014 წელს როსტ ნეფტთან პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მისი კომპანიის 49% შეისყიდა როსტ ნეფტმა. სანქციების შემდეგ გადააკეთეს ფორმალური საბუთები. ის, ასევე პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, იმ ევტუშენკოვთან, რომელიც ესაუბრებოდა ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით და ბორინკას ეძახდა, და იყო ასევე სისტემის საბჭოში. საქართველოდან ამაში ჩართულია ეკონომიკის გარყვნილი მართვის არაფორმალური პირამიდა. შესასწავლია უჩა მამაცაშვილის და ლილუაშვილის როლი ამ სქემაში იმიტომ, რომ ფაქტია სახელმწიფო უწყებებმა გაატარეს ეს ტვირთი და მიიღეს ქართულ პორტში". - ამბობს ელენე ხოშტარია.
თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში 26 ივნისს შემოვიდა.
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც სანქცირებული ნავთობითაა დატვირთული, ბათუმის ნავსადგურს ტოვებს.
რაც შეეხება ტვირთს, შემოსავლების სამსახურის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დოკუმენტების შემოწმებით დადგინდა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი იყო.