logo
ENG



სუბარი: ტურბულენტობა შემოაქვთ, 6 თვეში რეფორმები არ ტარდება, თან ძალიან ზოგადი ტექსტია

30 ივნ 202200:26
3 წუთის საკითხავი
clock 1241
სუბარი: ტურბულენტობა შემოაქვთ, 6 თვეში რეფორმები არ ტარდება, თან ძალიან ზოგადი ტექსტია

ქართული ოცნების ყოფილი წევრი, სოზარ სუბარი, რომელიც მმართველ პარტიას "კულისებში არსებულ ინფორმაციაზე სალაპარაკოდ" გამოეყო და ანტიდასავლური შეთქმულების თეორიებს ავრცელებს, ამბობს, რომ 6 თვეში რეფორმების გატარება შეუძლებელია. 

სამთავრობო ტელეარხის, იმედის ეთერში სუბარმა თქვა, რომ ის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მისცა და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, უსამართლოა. 

"ვერავინ განმარტავს, რამდენად უსამართლოა ეს 12-პუნქტიანი გეგმა იმაზე უკეთ, ვიდრე ეს გააკეთა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან პირდაპირ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსს აძლევ 2 ქვეყანას და არ აძლევ საქართველოს, ქვეყანას, რომელიც მართლა მოწინავეა ასოცირებულ ტრიოში ყველა რეფორმით.

მეორე, უსამართლოა, როცა აძლევ ასეთ ტექსტს, რომლითაც არანაირი კრიტერიუმი არ არსებობს, ყველა მოაბამს ყურს, საითაც უნდა. გალერი იტყვის, რომ მიშა უნდა გამოვუშვათ, სხვა იტყვის, რო სხვა უნდა გამოუშვა. სერიოზული ტურბულენტობა შემოაქვთ საზოგადოებაში. 

მესამე, ტურბულენტობა შემოაქვთ საზოგადოებაში იმითაც, რომ გეუბნებიან, რომ 6-თვიანი ვადა გაქვს და 6 თვეში უნდა გაატარო რეფორმები. ​6 თვეში რეფორმები არ ტარდება. იმასაც არ გეუბნებიან, რა რეფორმები უნდა გაატარო, ძალიან ზოგადი ტექსტია". - თქვა სოზარ სუბარმა. 

სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა ქართული ოცნების ფრაქცია, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს. 29 ივნისს მათ ანტიდასავლური თეორია გამოაქვეყნეს და დაწერეს, რომ "კანდიდატის თემა იყო ერთგვარი "სათაგური", რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს". 

"თუ საქართველო ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის შემდეგ მიანიჭებენ" - წერია შეთქმულების თეორიაში. 

ისინი ასევე მიუთითებენ, რომ "არიან დიდი ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ რევოლუცია, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა და მისი ჩანაცვლება ადამიანებით, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი 2004-12 წლებში ჩადენილ უამრავ დანაშაულზე". 

ასევე, "ოცნების" ყოფილი დეპუტატების თქმით, "ნაციონალური მოძრაობის აზრით, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლას, ხოლო დეპოლარიზაცია - სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გამოშვებას". 

"ფაქტია, რომ საქართველო მხოლოდ საომრად ჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ. კარგად ესმით, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი გაიმეტებს ქვეყანას და ხალხს საბედისწერო ომისთვის და არც ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს მას ამის გაკეთებას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებაში ჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას განადგურებისთვის უპრობლემოდ გაიმეტებენ. სწორედ ასეთები არიან ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ენჯეოების ლიდერები თუ სატელევიზიო სახეები". - წერენ ისინი. 

17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის კი - არა. 

კომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა.  

23 ივნისის კენჭისყრაზე ევროპულმა საბჭომ გაიზიარა კომისიის რეკომენდაციები, შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა. 

მისთვის, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულდეს და საქართველომ არ გაუშვას შანსი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. მთავარი მოთხოვნები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაა, რომელიც დროებით იმუშავებს და გაატარებს იმ რეფორმებს, რაზეც რეკომენდაციებშია საუბარი. 


close დახურვა