მოძრაობა დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელმაც საპატიმრო 2021 წელს დატოვა ახლა RMG Gold-შია დასაქმებული.
RMG Gold ის კომპანიაა, რომელმაც 2014 წელს საყდრისის მაღარო ააფეთქა. მეცნიერთა მტკიცებით ამ ადგილას მდებარეობდა ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის ოქროს მაღარო, რომელიც უნიკალურ კულტურულ ობიექტად მიიჩნეოდა.
„ჩოლოიანი ხომ გახსოვთ? ლუკა სირაძე რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს პოლიციაში, მერე ხელი რომ დააფარეს ბევრს, ეს რომ სულ ცოტა ხნით ჩასვეს, ადრე გამოუშვეს. ხოდა ეხლა რმჯ გოლდშია დასაქმებული, აი იმაში საყდრისი რომ ააფეთქა.
მოძალადეების მთავრობა უნდა წავიდეს” - აცხადებს ელენე ხოშტარია.
15 წლის ლუკა სირაძე ერთ-ერთი კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადახტა. ის რამდენიმე დღე კომაში იყო, 17 დეკემბერს კი გარდაიცვალა. ოჯახის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ლუკა სირაძეზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა - მას 2 დღის განმავლობაში კითხავდნენ და მუქარით სთხოვდნენ დანაშაულის აღიარებას მას შემდეგ, რაც "მწვანე სკოლის" კედლებზე წარწერები გააკეთა.
გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, როგორც საიამ და თავად ლუკა სირაძის დედამ თქვა, მოზარდი დაახლოებით 20 წუთით გამომძიებლებთან ოთახში მარტო დარჩა. საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო.
17 დეკემბერს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. 2020 წლის 15 ივლისს, ფორმულას ეთერში ლუკა სირაძის დედამ, ელიკო ჩხიტუნიძემ თქვა, რომ დაკითხვის დროს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბავშვს "კისრის მოგრეხით" ემუქრებოდა. ასევე, მისი თქმით, განყოფილებაში მყოფი სხვა პირებისგან გინება ისმოდა. ელიკო ჩხიტუნიძის და საიას მტკიცებით, მოზარდზე ზეწოლას, ჩოლოიანის გარდა, კიდევ 3 პოლიციელი ახდენდა. 7 თებერვალს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გენერალურ ინსპექციას მიმართა საქმეში სხვა პოლიციელების გადაცდომებზე რეაგირების მოთხოვნით. მარიანა ჩოლოიანის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდება 2011 წელსაც არსებობდა. მაშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა. კერძოდ, საქმე 2011 წლის 26 მაისს ე.წ ყინწვისის სპეცოპერაციის დროს ნიკოლოზ გოგუაძის საქმეს ეხება. მარიანა ჩოლოიანმა დასჯისა და აღიარებითი ჩვენების მოპოვებისთვის გოგუაძის მიმართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად იძალადა.
2021 წლის 5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, მარიანა ჩოლოიანმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა. 2020 წლის სექტემბერში მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით ჩოლოიანს სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.