მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის არიან ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილები.
როგორც შსს-ში ამბობენ, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიცისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
წინა წლის მსგავსად ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები და მათი მხარდამჭერები თბილისი პრაიდის კვირეულის ჩაშლას ცდილობდნენ და იქ მივიდნენ, სადაც 2 ივლისს პრაიდ ფესტი უნდა გაიმართოს.
ზურა მახარაძე ამბობდა, რომ დაშლას არ აპირებდნენ. მოგვიანებით, ისინი პოლიციელებს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც რამდენიმე პირი შსს-ს მანქანაში ჩასვეს.
ფორმულა ცდილობს, შსს-გან დამატებითი ინფორმაცია მიიღოს.
თბილისი პრაიდის მისამართით მუქარის გამო ზურა მახარაძე და კოკა მორგოშია 27 ივნისს გამოკითხვაზე დაიბარეს. მიუხედავად იმისა, რომ წელს ღირსების მარში არ გაიმართება, მოძალადეები ამბობენ, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას არც დახურულ სივრცეში დაუშვებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვირეულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამივე ღონისძიებაზე მონაწილეთა უსაფრთხოებას დაიცავენ. მოძალადეებს კი მოუწოდებენ, კანონი დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათივე თქმით, "სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება".