logo
ENG



კატუკია: საგარეო უწყებამ მკაფიოდ მითხრა, რომ ღარიბაშვილს უნდოდა, ელჩის პოსტი დამეტოვებინა

03 ივლ 202212:03
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, თეა კატუკია ამბობს, რომ მის მიერ თანამდებობის დატოვება "მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი იყო" და რომ მას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში "ძალიან მოკლე სატელეფონო საუბრისას" უთხრეს. 

"საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ორი თვის წინ, ძალიან მოკლე სატელეფონო საუბრისას მკაფიოდ განმიმარტეს, რომ ჩემგან ელჩის ფუნქციის დატოვების მოლოდინი წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრემიერის სურვილს". - ამბობს თეა კატუკია

თეა კატუკიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ 1-ლ ივლისს განაცხადა და მიზეზად ზეწოლა დაასახელა.

დღეს, ფორმულას კითხვების პასუხად, თეა კატუკია წერილობით ყვება, რომ ზეწოლა, რომელიც მასზე თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღიდან ხორციელდება, საქართველოს პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დაპირისპირების გამწვავებას უკავშირდება. კატუკია ელჩის პოსტზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავისივე წარდგინებით, 2019 წელს დანიშნა. 

თეა კატუკიას მიერ თანამდებობის დატოვებისა და ზეწოლაზე საუბრის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "გაკვირვებულია მისი მხრიდან უწყების მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით". უწყებამ განაცხადა, რომ "ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქალბატონ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში".

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ თეა კატუკიამ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულება. 

პასუხად ყოფილმა ელჩმა ფორმულასთან თქვა, რომ საგარეო უწყების განცხადება მასთან კონსულტაციების შესახებ სიმართლეს სრულიად არ შეესაბამება. 

"გასაკვირია, რატომ მოანდომა სამინისტრომ ჩემი პროფესიული ნაკლოვანებების გამომჟღავნებას სამი წელი, მაშინ როცა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში იერარქიის მიერ განხორციელებული ჩემი საბოლოო შეფასება საპირისპიროს ამტკიცებს. ვიწვევ ყველას, ვისაც ეჭვი ეპარება საფრანგეთში ჩემს დიპლომატიურ საქმიანობაში, მიმართოს საფრანგეთში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს (კერძოდ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს) შეფასებისთვის". 

თეა კატუკია ამბობს, რომ გაოცებულია მისი მისამართით გამოთქმული დამამცირებელი კომენტარებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც არ იცნობენ არც მას და არც მის საქმიანობას და არც არასდროს დაინტერესებულან საელჩოს მუშაობით. 

"ჩემსა და სამინისტროს შორის უთანხმოება ყოველთვის უკავშირდებოდა საკადრო და სტრუქტურულ საკითხებს, განსაკუთრებით საელჩოს გარკვეული ერთეულების მენეჯმენტს, რომელთა არაპატიოსანი, არაკომპეტენტური და მავნე ქმედებები ემსახურებოდა ჩემს დესტაბილიზაციას და ზიანს აყენებდა საელჩოს ეფექტურ საქმიანობას.

აღნიშნული ფაქტები ადვილად დასამტკიცებელია, რამეთუ გახდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ჩემი არაერთი ოფიციალური კომუნიკაციის საგანი. სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მიუღია არცერთი სერიოზული ზომა არსებული ფაქტების აღმოსაფხვრელად. 

გარდა ამისა, ხელისუფლებასთან დაახლოებული ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის განცხადება ქალბატონ პრეზიდენტთან ჩემი სავარაუდო ნეგატიური ურთიერთობების შესახებ მორიგი სიცრუეა. ჩემი ურთიერთობა ქალბატონ პრეზიდენტთან ყოველთვის იყო პატივისცემასა და გულწრფელობაზე დაფუძნებული და ამ სამი წლის განმავლობაში არასოდეს გამხდარა მცირედი კონფლიქტის საგანიც კი". - ამბობს ყოფილი ელჩი. 

თეა კატუკია ასევე მიმართავს მათ, ვინც "ძველი საბჭოთა მეთოდებით ცდილობს მის დაშინებას და აცხადებს, რომ მის სესახებ ინფორმაციას ფლობენ":

"მოუთმენლად ველოდები აღნიშნული ინფორმაციების გაზიარებას! ჩემი საქმიანობა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს სათავეში, ისევე როგორც ზოგადად ჩემი პროფესიული კარიერა ყოველთვის ეფუძნებოდა ეთიკურ, პასუხისმგებლობით აღსავსე და გამჭვირვალე პრინციპებს. ისინი, ვინც ცრუ მტკიცებებით ჩემს შელახვას ცდილობენ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ". - ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში.

ელჩების საკითხზე სალომე ზურაბიშვილსა და ქართული ოცნებას შორის დაპირისპირება რამდენიმე თვეა, გრძელდება. საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. მთავრობა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩებისა და დიპლომატების დანიშვნაზე პრეზიდენტის უარის კონსტიტუციურობაზე დავობს. 


close დახურვა