
ქართული ოცნებიდან "მეტი ინფორმაციის გავრცელების" მოტივით წასული 3 დეპუტატი მორიგ განცხადებას აქვეყნებს და პროევროპული საპროტესტო მოძრაობის დისკრეტიდაციას ცდილობს.
ისინი კიდევ ერთხელ მიუთითებენ, რომ "დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს".
"მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად, მის გასაკეთებელს სათანადოდ აკეთებს. ხელისუფლებამ, საზოგადოების ფართო ჩართულობით, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ობიექტურ შემფასებელს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბსაც კი არ დაუტოვებს". - წერია ხუნდაძე-ყაველაშვილი-სუბარის განცხადებაში.
დეპუტატები, მიუხედავად მმართველი გუნდის დატოვებისა, საუბრობენ ქართული ოცნების მიერ 1-ლ ივლისს შემუშავებულ გეგმაზე ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების შესახებ.
დეპუტატების განცხადებით, წარმოდგენილი გეგმა საბაბსაც კი არ ტოვებს იმის სათქმელად, რომ ხელისუფლება კანდიდატობის საკითხს გულგრილად ეკიდება, თუმცა, "მოხდა ის, რასაც ველოდით".
კერძოდ, მათი თქმით, ოპოზიცია ამ გეგმას აკრიტიკებს, რათა საქართველო ევროკავშირში არ გაწევრიანდეს, "წაილეკოს და ომში გაეხვას".
"გეგმის წარდგენის პირველივე წუთებიდან, ოპოზიციისგან და მასთან დაკავშირებული ენჯეოებისგან გვესმის არგუმენტებისგან სრულად დაცლილი საუბრები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული გეგმა მათთვის მიუღებელია და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. [...]
პირიქით, თითოეული პუნქტი გამოყენებული იქნება როგორც მორიგი საბაბი ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის მიერ დადგენილი თითოეული პუნქტი, რადიკალური ოპოზიციის პერსპექტივიდან, რევოლუციური გეგმის 1/12 ნაწილად უნდა განვიხილოთ. ნაციონალური მოძრაობა და მისი შიდა და გარე პარტნიორები თანმიმდევრულად ეცდებიან, გეგმის თითოეული პუნქტი დეკემბრის ბოლოსთვის რევოლუციური სცენარის შესამზადებლად გამოიყენონ". - წერენ ისინი.
17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის კი - არა.
კომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა.
ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მიაწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუ აღნიშნულ დოკუმენტში ჩამოთვლილ საკითხებს მოაგვარებს.
იმისთვის, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულდეს და საქართველომ არ გაუშვას შანსი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. მთავარი მოთხოვნები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაა, რომელიც დროებით იმუშავებს და გაატარებს იმ რეფორმებს, რაზეც რეკომენდაციებშია საუბარი.