logo
ENG



"არასწორი პოლიტიკური ორიენტაცია", "პოლიტიკურად არამდგრადი" - დოსიეები სკოლის დირექტორებზე

21 ივლ 202216:55
3 წუთის საკითხავი
clock 1734
2022/07/21/cwv2jxwsq7wxbt4.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ მასალას აქვეყნებენ, სადაც გამოკვეთილია მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა.

ერთ-ერთ ნაწილად გამოყოფილია საჯარო სამსახურების პოლიტიზირება, საიდანაც ირკვევა, რომ ქართული ოცნება და სუს-ი ერთად ქმნიდნენ საჯარო სკოლის დირექტორების პოლიტიკურ დოსიეებს და საკადრო პოლიტიკის გატარებისას დოსიეებში მოცემულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ.

დოკუმენტში წერია, რომ სუს-ის შეფასება უმეტესად დირექტორების პოლიტიკური შეხედულებებს და მათი მმართველი პარტიის სასარგებლო საქმიანობაში ჩართულობის ხარისხს უკავშირდებოდა. სკოლის დირექტორებთან ხელშეკრულების გაგრძელება/შეწყვეტის რეკომენდაციაში გადამწყვეტი სწორედ მათი ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური განწყობები იყო.

დოკუმენტში მოყვანილია მაგალითები, თუ რა შემთხვევაში მიაჩნდათ კონკრეტული დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა ან გათავისუფლება მიზანშეწონილად. მაგალითად, როცა სუს-ი ოცნების მიმართ კეთილგანწყობის გამო დირექტორის პოზიციაზე დარჩენას მიზანშეწონილად აფასებდა, წერდა: "არის არსებული ხელისუფლების მხარდამჭერი, მიზანშეწონილია დარჩეს აღნიშნულ თანამდებობაზე“.

დოკუმენტის მიხედვით, სუს-ი თანამდებობიდან გათავისუფლების რეკომენდაციას იმ შემთხვევაში იძლეოდა, თუ დირექტორი:

  • პოლიტიკურად ნეიტრალური იყო;
  • არ ასრულებდა/თავს არიდებდა მმართველი პარტიის მიერ მიცემულ დირექტივებს;
  • დაკავშირებული იყო ოპოზიციურ პარტიასთან;
  • "ფარულად თანაუგრძნობდა" ოპოზიციურ პარტიას;
  • "პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო" პირი იყო;
  • მის მიერ მართული პედაგოგიური კოლექტივი არჩევნებში არ მონაწილეობდა;
  • მას არ გააჩნდა "საარჩევნო რესურსი" და სხვა.

დოკუმენტის მიხედვით, 2014 წელს დანიშნული დირექტორების უმრავლესობას ვადა 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოეწურა. სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, საერთო ჯამში 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა 1,003 დირექტორს გაუვიდა. სამინისტრომ, მათგან დიდი ნაწილი (891 დირექტორი) მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, ხოლო ნაწილი (112 დირექტორი) - არა.

"112 პირიდან მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში 95 დირექტორი იყო შეფასებული. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს მათგან მხოლოდ 29 გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, მმართველ პარტიას - 80 დირექტორი, ხოლო სუს-ს - 89. ამ მონაცემებიდან აშკარად ჩანს, რომ სუს-ის და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტის ამავე თავში საუბარია სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა პოლიტიკური დოსიეების შექმნისა და მათი კონტროლის ფაქტებზე.

28 გვერდიან ფაილში მითითებულია მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მიმართ  საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების განწყობა.

აღსანიშნავია, რომ  სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმებული პირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სსიპ-ებში დასაქმებული პირების კეთილგანწყობილი და საჯარო დამოკიდებულება დამაკმაყოფილებლადაა შეფასებული. პრობლემად/გამოწვევად კი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო სკოლებში, საგანმანათლებლო რესურს- ცენტრებსა თუ საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობაა დასახელებული.

მაგალითისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან მეგობრული ან სხვა ტიპის კავშირით ან განათლების სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მათ მიერ საჯაროდ გამოხატული პოზიციით გამოიხატებოდა.

საჯარო სკოლებსა და ბაღებში დასაქმებული პირების პერსონალური მონაცემები და პოლიტიკური განწყობები, ორგანიზაციების თქმით, სავარაუდოდ, სხვადასხვა წყაროებით მიღებული ინფორმაციას აერთიანებდა.

სკოლის დირექტორების პოლიტიკური განწყობების შესახებ ინფორმაციის წყაროდ უმეტეს შემთხვევაში სუს-იდან მოპოვებული ინფორმაცია იყო მითითებული.

„სავარაუდოდ სუს-ის მიერ პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით შეფასდნენ ისეთი უწყებების თანამშრომლები, როგორიცაა ვაკის და საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე განთავსებული უწყებები, თბილისის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები" - წერია ანგარიშში.

საბიუჯეტო ორგანიზაციებში თანამდებობებზე დასანიშნი პირების პოლიტიკური ლოიალობის წინასწარი შესწავლა

მამხილებლის მიერ ორგანიზაციებისთვის მიწოდებულ დოკუმენტებში ასევე არის სიები, რომელთა ანალიზიდანაც იკვეთება, რომ ისინი სავარაუდოდ სხვადასხვა საჯარო უწყებამ ამავე სამსახურში დასანიშნ კანდიდატთა პოლიტიკური სანდოობის გადამოწმების მიზნით შეადგინა.

სიაში მოცემულია ადამიანების პირების პირადი ნომრები, მისამართები და ახლავს მიმართვის ტექსტი, საიდანაც იკვეთება, რომ სიის შედგენის მიზანი მმართველი პარტიის მიმართ ამ პირების ლოიალობის შემოწმება იყო.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასანიშნი კანდიდატების სიაში კანდიდატების უარყოფითი შეფასების მიზეზად მითითებულია, რომ კონკრეტულ პირს უფიქსირდება სახელფასო ანაზღაურება პარტია ევროპული საქართველოდან. სხვა შემთხვევებშიც, უარყოფითი შეფასების საფუძვლები პოლიტიკურია.

დოკუმენტის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასანიშნი კანდიდატების გადამოწმების მიზნით სუს-ში სულ 49 ადამიანის მონაცემები გადაიგზავნა. იმავე მიზნითა და სტრუქტურითაა შედგენილი კანდიდატების სიები საგარეო საქმეთა სამინისტროსა (74 პირი) და იუსტიციის სამინისტროებისთვისაც, შესაბამისად 74 და 5 ადამიანის მონაცემებით.

დოკუმენტის ბოლო, მესამე ნაწილში სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლების საარჩევნოდ მობილიზების გზებია აღწერილი.

ორგანიზაციების ცნობით, მათთვის მიწოდებულ ფაილებსა და კორესპონდენციაში ასევე იყო ათობით „მოხსენებითი ბარათები“, რომლითაც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების რეგიონული ხელმძღვანელები, პარტიის ხელმძღვანელების, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძისა და ზოგ შემთხვევაში რეგიონული მდივნის - დიმიტრი სამხარაძე სახელზე წერდნენ განცხადებას და საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სხვადასხვა უწყების თანამშრომლების პარტიის შტაბში გადმოყვანას ითხოვდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებში პირდაპირ არ ჩანს პარტიის ხელმძღვანელების რეაგირება ამ მოთხოვნებზე, ამ პროცესის სავარაუდოდ ორგანიზებული და სისტემატური ხასიათი ცხადყოფს, რომ ეს იყო დამკვიდრებული პრაქტიკა და საარჩევნო პერიოდში ეს სქემა სრული მასშტაბით მოქმედებდა“ - წერია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ იკვეთება სამართალდამცავი უწყებების მმართველი პარტიის მიზნებისთვის გამოყენება, რაც მასშტაბურ სისტემურ სამოხელეო დანაშაულების ჩადენაზე მიუთითებს.

ასევე, ამ ქმედებებით ირღვევა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს. 


close დახურვა