უკრაინიდან ხორბლის გატანის შესახებ კიევის და მოსკოვის შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა.
პარასკევის შეთანხმებით, რუსეთმა პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ.
შეთანხმება გაერომ დაახასიათა, როგორც იმედის სხივი რამდენიმეთვიანი ომის პირობებში.
უკრაინის არმიის სამხრეთ სარდლობამ განაცხადა, რომ 23 ივლისს, გამთენიისას ოდესის პორტში 2 ბომბი ჩამოვარდა, კიდევ 2 კი საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა თავდასხმა დაგმო და რუსეთი „საკვების კრიზისის სისტემატურ შექმნაში“ დაადანაშაულა.
"რუსული რაკეტა არის ვლადიმირ პუტინის შეფურთხება გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მიმართ, რომლებმაც უზარმაზარი ძალისხმევა გაიღეს შეთანხმების მისაღწევად და რომელთა მადლიერიც არის უკრაინა". - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეჰ ნიკოლენკომ.