logo
ENG



მელია: დუჟი, რომელსაც კობახიძე ახსენებს, თავად სდის, მიზეზით, რომ არ დაუშვას დეპოლარიზაცია

26 ივლ 202212:02
3 წუთის საკითხავი
clock 981
მელია: დუჟი, რომელსაც კობახიძე ახსენებს, თავად სდის, მიზეზით, რომ არ დაუშვას დეპოლარიზაცია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მხრიდან მთავარი არხის ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ კობახიძეს სურს "უარესად გახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება".

მელიას დავით არახამიას მიმართავს და ამბობს, რომ "კობახიძის მამა, შვილთან შედარებით, უმანკო კრავად გამოიყურება".

"დღეს გაირკვა სინამდვილეში რამ გააცოფა გუშინ კობახიძე. როგორც ვხედავთ, მას არც მამა აღელვებდა, არც მამული.

დუჟი, რომელსაც ის ახსენებს, თავად სდის და სდის ერთადერთი რამის გამო - არ დაუშვას დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში. უარესად გახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება რომ როგორმე საქართველო საბოლოოდ დააშოროს დასავლეთს, ამოაგდოს ისტორიის დინებიდან და რუსეთის იმპერიის რიყეზე საფართხალოდ გასწიროს.

დღეს აქტუალური არაა რას აკეთებდა მამამისი თუ მამიდამისი, დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კობახიძის და მისი მსგავსების -- კაგებეს ბინძური დირექტივების დღევანდელი შემსრულებლების ხელისუფლებიდან სასწრაფოდ ჩამოშორება, ვიდრე არ მოუსწრიათ და უფსკრულში არ გადავუჩეხივართ.

არახამიას, რომელმაც კობახიძის მამის მისამართით თქვა ის, რაც თქვა, მინდა ვუთხრა რომ ამ გადასახედიდან ირაკლი კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავად გამოიყურება. კაგებეს იშვიათად თუ ჰყოლია აქ ასეთი აღვირახსნილი და შუბლსისხლძარღვგაწყვეტილი ემისარი", - წერს მელია. 

გუშინ, 25 ივლისს ირაკლი კობახიძეს მთავარი არხის ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ "კობახიძის მამა კაგებეშნიკია", რაზეც კობახიძემ ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს - "გულისამრევი" და "სამარცხვინო".

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტზე თავდასხმა დღესაც გააგრძელა. კობახიძის თქმით, ჟურნალისტი "სიბინძურისგან იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირზე დუჟი მოადგა".


close დახურვა