logo
ENG



ხუნდაძე: ივანიშვილის წერილმა ფარდა ახადა ყველაფერს

27 ივლ 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock 826
ხუნდაძე: ივანიშვილის წერილმა ფარდა ახადა ყველაფერს

ქართული ოცნებიდან "წასული" დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილმა "ყველაფერს ფარდა" ახადა. თავის შეფასებაში ის კვლავ ანტიდასავლურ რიტორიკას აგრძელებს და ომში ჩართვის შესახებ თეორიებს ავრცელებს.

"ამ წერილმა ფარდა ახადა ყველაფერს, არა მხოლოდ იმას, შედგა თუ არა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის, არამედ პრაქტიკულად ამ წერილის შინაარსში იკითხება, თუ რაზე იყო საუბარი. აქ ჩნდება დამატებით კიდევ ერთი კითხვა - თუკი ბატონი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდებოდა იმას, რომ ქვეყანა მაღალ რისკებზე გასულიყო, ანუ ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, მაშინ ბატონი ბიძინა აღარ იქნებოდა ოლიგარქი? შეხვედრის ხანგრძლივობაც მიანიშნებს იმას, რომ ეს შეხვედრა და მისი შინაარსი და საუბარი არ იყო მარტივი. ესეც, რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ იყო ქვეყნის მთავარ საკითხზე, იმ დროისათვის საუბარი, რომელიც ახლაც აქტუალური რჩება, როგორც ბატონი ბიძინა გვეუბნება და ჩვენც პროცესები მიგვანიშნებს სწორედ ამაზე, რომ ომის საფრთხეები შემცირებულია, მაგრამ ის ბოლომდე არ არის ამოწურული. ამიტომ საზოგადოების მობილიზება საჭიროა, მისი შეიარაღება სწორი ინფორმაციებით, რომ ის სხვა შეიარაღების მსხვერპლი არ გახდეს", - თქვა ხუნდაძემ.

ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 27 ივლისს წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შეხვდა. 

გარდა ამისა, წერილში ივანიშვილი პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა".


close დახურვა