სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის თქმით, წელიწად-ნახევრის წინ მეუფე იაკობმა გააფრთხილა, რომ ხელისუფლება "მის ლიკვიდაციას გეგმავდა".
როგორც გოგაშვილი აცხადებს, მთავრობას დაგეგმილი ჰქონდა, რომ ის "ქილერს" მოეკლა, შემდეგ კი ყველაფერი "მაჩალიკაშვილს დაბრალდებოდა".
"მინდა შევეხო მეუფე იაკობის გაფრთხილებასაც... წელიწად-ნახევრის წინ მან გამაფრთხილა, რომ ხელისუფლება გეგმავდა ჩემს ლიკვიდაციას. ეს დავალებული ჰქონდა ქისტ "ქილერს" და ჩვენი მსჯელობის დროს ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ, იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს "ქილერი” იმყოფებოდა პანკისში. მეუფეო, თქვენ ხართ ჩემი შვილიშვილის ნათლია და ამ ფაქტის უარყოფა და არ თქმა დასანანია"- წერს გოგაშვილი.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით.
სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში, პროკურატურის განცხადებით, გრიფით საიდუმლო მასალებია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, საქმის არსებითი განხილვა დახურულ რეჟიმში წარიმართოს.
რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლს - საუბარია რუსეთის 2 მოქალაქის, კონსტანტინე რომანოვსკის და დავით ადამიას საჩივრებზე, რომელთა საფუძველზეც არის დაკავებული სოსო გოგაშვილი.
ამ ორი ადამიანის სახელი ტვ პირველის ეთერში გასულ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეს. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გოგაშვილს ჰკითხა, ხომ არ იყო ეს ორი ადამიანი რუსეთის აგენტი, რაზეც გოგაშვილმა უპასუხა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მათ შესახებ.
კონსტანტინე რომანოვსკიმ სოსო გოგაშვილს მორალური ზიანის მიყენებისთვისაც უჩივლა.
რაც შეეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, გოგაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სახელზე 13 რეგისტრირებული იარაღია, ხოლო ის 2 დაურეგისტრირებელი იარაღი, რომლის უკანონო ფლობასაც ედავებიან, მას ჩაუდეს.