logo
ENG



დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე: არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე

28 ივლ 202210:49
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანის განცხადებით, ბოლოს ბიძინა ივანიშვილს 21 მარტს შეხვდა და აღნიშნავს, რომ მათ შორის არასდროს ყოფილა საუბარი საქართველოს "ომში ჩართვაზე". ამაზე დეგნანმა ინტერპრესნიუსთან ისაუბრა.

"როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები- არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ

როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებ-საიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბ-ნმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის" - ამბობს დეგნანი.

ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 27 ივლისს წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შეხვდა. 

ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შორის შეხვედრასთან დაკავშირებით თავდაპირველად ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა. მან თქვა, რომ "ჩნდება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ". მოგვიანებით, ამაზე საუბარი ოცნების კიდევ ერთმა ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ დაიწყო და დეგნანს კითხვით მიმართა, "24 თებერვლის შემდეგ, ხომ არ იყო შეხვედრა ივანიშვილთან?".  

ივანიშვილის წერილის შემდეგ ყაველაშვილმა კიდევ გააკეთა კომენტარი ამ საკითხზე და ირწმუნებოდა, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შეხვედრაზე მეორე ფრონტის გახსნაზე ესაუბრა.


close დახურვა