logo
ENG



გომელაურის თქმით, ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, პარაპლანის ერთი მგზავრი გადარჩა

29 ივლ 202220:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/29/azc4zo8u2gtfnxr.jpg

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, გუდაურში სამაშველო ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

მისივე განცხადებით, პარაპლანით მფრინავებიდან ერთი ქართველი მგზავრი გადარჩა და კლინიკაში გადაჰყავთ, ხოლო მეორე - უცხოელი ტურისტი დაიღუპა.

"რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, გიდასტურებთ, დიდი პრობლემაა. კვირა არ გავა სამაშველო ოპერაცია რომ არ ჩატარდეს, ვერტმფრენი არ ჩაირთოს, არის, რა თქმა უნდა, გარდაცვალების ფაქტებიც და ალბათ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არის ძალიან რთული, არ ვიცი რატომ ხდება ამ პარაპლანების აქ ხშირად ჩამოვარდნა, ქარია, ხეობებია ან არ არიან პროფესიონალები. ლიცენზია როგორ გაიცემა, საინტერესოა ყველაფერი და ამას ჩავყვებით აუცილებლად. სანამ ეს არ დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა შეჩერდეს პარაპლანებით ფრენა და უკვე შესწავლის შემდეგ გაიცეს ლიცენზია იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან პროფესიონალები. ამ დღეების განმავლობაში, სანამ პასუხი არ გვეცოდინება, გაჩერდება", - განაცხადა გომელაურმა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.


close დახურვა