logo
ENG



გუდაურში დაღუპული ტურისტის ცოლი: არავინ დაგვკავშირებია, არაფერს გვატყობინებენ

30 ივლ 202212:20
3 წუთის საკითხავი
 

გუდაურში დაღუპული ტურისტი, რომელიც პარაპლანით ფრენის დროს ინსტრუქტორთან ერთად ხევში ჩავარდა, პაკისტანის მოქალაქეა. მისი ცოლი, შარილ მორალ ტიმანი ამბობს, რომ ამ დრომდე მას არავინ დაკავშირებია და ქმრის დაღუპვის შესახებ ოფიციალური უწყებებიდან ინფორმაციას არავინ აწვდის.

"მთავრობიდან არავინ დამკავშირებია. ახლა გუდაურში ვარ ქალიშვილთან ერთად. ძალიან სასოწარკვეთილი ვარ. არავინ არაფერს გვატყობინებს ჩემი ქმრის შესახებ. მედიით გავიგე, რომ ჩემი ქმარი გარდაიცვალა. აქ პოლიციელი მეუბნება, რომ ჯერ ამას ვერ დამიდასტურებს. ბოლოს ჩემი ქმარი ვნახე პარაპლანის აფრენის წერტილში. მე და ჩემი ქალიშვილი სწორედ იქ ველოდებით, კარგი, მშვიდი ამინდი, ქარის გარეშე, მაგრამ მალევე ძლიერი ქარი ამოვარდა. რამდენიმე წუთში გავიგეთ, რომ რაღაც მოხდა. მალევე გამოჩნდა ვერტმფრენი, რომელიც, როგორც იცით აფეთქდა. ისიც კი არ ვიცი, ამოასვენეს თუ არა ჩემი ქმრის ცხედარი, თუ ის ნამდვილად გარდაიცვალა, როგორც მედია ავრცელებს ინფორმაციას. დღეს დილით ისევ ვიკითხე, სად არის ჩემი ქმარი, ცოცხალია თუ არა, პოლიციელმა მითხრა, რომ ვერაფერს მეტყვის", - ქალი ფორმულასთან. 

პარაპლანის ინსტრუქტორი 32 წლის ნუგზარ რაზმაძე ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია. 

გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

შედეგად ევრტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულები არიან: 

ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია;

ეკიპაჟის წევრები - დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი;

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები: ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი;

მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია.


close დახურვა