logo
ENG



ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე 8 პირს ბრალდება წარუდგინეს

30 ივლ 202220:34
3 წუთის საკითხავი
clock 679
ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე 8 პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის დ.ჯ. - დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც დ.ჯ.-მ მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მირიან კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე  გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. სამართალდამცველებმა რვა პირი, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.

პროკურატურამ დ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლთ (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

5 პირს ბრალდება 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,  ხოლო ორ პირს ბრალდება 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა