ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 8-ვე პირს პატიმრობა შეეფარდა. ერთი ადამიანი განზრახ მკვლელობისა და ხულიგნობის, 7 კი ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ხულიგნობის ბრალდებითაა დაკავებული.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის დავით ჯიჯეიშვილი, დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მირიან კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. სამართალდამცველებმა რვა პირი, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.