დედაენის ბარის მფლობელი დათა ლაფაური აცხადებს, რომ დღეს რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტმა, რიმა ბერულავამ, თავი გამოცემა Reuters-ის ჟურნალისტად წარუდგინა, რათა მისგან კომენტარი მიეღო.
ამის შესახებ ლაფაურმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში გიორგი თარგამაძის ფორმულა ისაუბრა.
ლაფაურის თქმით, ბერულავამ მას უთხრა, რომ დედაენის ბარის შესახებ სიუჟეტს Reuters-ისთვის ამზადებდა და კომენტარი სთხოვა. დედაენის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მოგვიანებით მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ჟურნალისტი რიმა ბერულავა იცნო, ვინაიდან ის რამდენიმე ცნობილი პროპაგანდისტული მასალის, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რეპორტაჟის ავტორია.
კომუნიკაციისას, რომლის ამსახველი ვიდეოც არსებობს, ბერულავამ დაადასტურა, რომ რუსული პროპაგანდისტული არხისთვის მუშაობს და დედაენის ბარში მასალას მათთვის სიუჟეტის მოსამზადებლად აგროვებდა. თუმცა ბერულავამ უარყო, რომ ბარის მფლობელს თავი Reuters-ის ჟურნალისტად გააცნო.
ბარის მფლობელი, დათა ლაფაური აცხადებს, რომ ფაქტის შემდეგ პოლიცია გამოიძახეს და რუსული ტელეარხის ჟურნალისტებს გადაღებული მასალა წააშლევინეს.
„გამოცხადდა 1 გადამღები ჯგუფი, ახალგაზრდა ქალი და კაცი, რომლებიც გაგვეცვნენ, როგორც Reuters-ის ჟურნალისტები, რომლებიც Reuters-ისთვის ამზადებდნენ სიუჟეტს. ჩავეწერეთ რა თქმა უნდა, რადგან ეს ის მედიაა, რომელსაც ვენდობით. გავესაუბრეთ, საკმაოდ დიდი დრო გაატარეს დედაენის ბარში და გაგვიმართლა, რომ ამ დროს ჩვენს გვერდით აღმოჩნდა ჩვენი მეგობარი, რომელმაც იცნო ეს ადამიანები, იცნო ეს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც იყო ავტორი ცნობილი „ღამურების სიუჟეტის“.
ეს ქალბატონი სინამდვილეში იყო არა Reuters-ის, არამედ რუსული პირველი არხის ჟურნალისტი, რომელმაც ჩვენგან მოტყუებით მოიპოვა მასალა. შესაბამისად შევატყობინეთ პოლიციას, მათი თანდასწრებით წავაშლევინეთ ეს ინფორმაცია. ასევე დაიწერა შეთანხმება, რომ გადაღებულ მასალას არაფერში გამოიყენებდნენ. მგონი დასასრული კეთილი იყო, მაგრამ ფაქტი, რომ რუსული პირველი არხი ცდილობს ჩვენგან პროპაგანდისთვის განკუთვნილი მასალის მოპოვებას, ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, საშიში იყო“ - განაცხადა ლაფაურმა ფორმულას ეთერში.
***
დედაენის ბარის მფლობელმა დათა ლაფაურმა დღეს განაცხადა, რომ ინტერნეტ სივრცეში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბარზე თავდასხმა მიმდინარეობს.
ლაფაურის თქმით, რუსეთის მოქალაქეები ბარზე უარყოფით შეფასებებს როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე Google Map-ის აპლიკაციაში მასობრივად წერენ.
ლაფაური ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეები ბარის შესახებ მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და გარდა ამისა, საქართველოსადმი მუქარის შემცველ კომენტარებს წერენ.
„დეზინფორმაციას ეწევიან, რომ თურმე ჩვენ ძველ ხორცს ვყიდით, ხაჭაპურში ტარაკანი იპოვეს, როცა არც ხორცი არც ხაჭაპური ჩვენს ასორტიმენტში არ არის და რაც ყველაზე უარესია გვემუქრებიან, რომ 2008 წლის აგვისტოს მოგვანატრებენ, რომ ჩვენ ვართ რიგში შემდეგი, რომ ბაბუაჩვენები მადლიერი უნდა იყვნენ რუსების, რომ გადაგვარჩინეს თურქებს და სპარსელებს, რომ შეგვიქმნეს და გვაჩუქეს სახელმწიფო“ - აცხადებს ბარის მფლობელი.
2 აგვისტოს დედაენის ბარმა განაცხადა, რუსეთის მოქალაქეები ბარს მასობრივად უწერდნენ დაბალ შეფასებებს. ადმინისტრაციის თქმით, მათი უკმაყოფილება ბარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც შენობაში რუსეთის მოქალაქეები სპეციალურად შექმნილი ციფრული ვიზის გარეშე ვერ მოხვდებიან. ადმინისტრაციის ცნობით, რუსების უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ ბარის პერსონალი მათ რუსულ ენაზე არ ესაუბრება.
რუსეთის მოქალაქეებს სპეციალური ვიზის აღება ბარის ვებ-გვერდზე შეუძლიათ. რეგისტრაციის ფორმაში წერია, რომ ვიზის დაწესების მიზანი ისაა, რომ ბარში არ მოხვდნენ „ტვინგამორეცხილი რუსი იმპერიალისტები“.