logo
ENG



ეროვნული მუზეუმიდან წულუკიანის მიერ გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო

09 აგვ 202211:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/09/iq3sfjqpl10wuef.jpg

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა საქალაქო სასამართლოში დავა მოიგო. სასამართლომ უკანონოდ ცნო დაკავებული პოზიციიდან დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება.

დინარა ვაჩნაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, მასობრივი გათავისუფლებების მსხვერპლი გახდნენ.

ორგანიზაციით ინფორმაციით, გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

"სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა დინარა ვაჩნაძის კომპეტენციას. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია რომ პროცესზე მოპასუხე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც რეორგანიზაციისას, თანამშრომელთა ობიექტურ და სამართლიან შერჩევა-შეფასებას დაადასტურებდა.

მოსარჩელე 2006 წლიდან მუშაობდა ეროვნულ მუზეუმში, ხოლო 2017 წლიდან თბილისის კოლექციებისა და ეროვნული საგანძურის მართვის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა", - აღნიშვანე ცენტრში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მასობრივი გათავისუფლებებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება პირველ პრეცედენტს წარმოადგენს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კულტურის სფეროს სხვა გათავისუფლებულთა შრომითი დავებისთვის, რომელთაც უახლოეს თვეებში განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ცენტრი ასევე გააგრძელებს დავას დინარა ვაჩნაძის მიმართ მიღებული სხვა გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გათავისუფლებამდე, მისი დაბალ პოზიციაზე "უკანონოდ გადანიშვნას" გულისხმობდა.


close დახურვა