logo
ENG



საკრებულოს სხდომაზე, სადაც კობერიძემ ოცნება გააკრიტიკა, ხმაური და დაპირისპირება იყო

09 აგვ 202217:11
3 წუთის საკითხავი
clock 1009

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ის მას შემდეგ დაიწყო, რაც "გირჩი - მეტი თავისუფლების" დეპუტატმა ცოტნე კობერიძემ მმართველი გუნდი და ირაკლი კობახიძე ბოლო პერიოდის ანტიდასავლური განცხადებების გამო გააკრიტიკა.

კობერიძემ ქართულ ოცნებას პრორუსული უწოდა და თქვა, რომ კობახიძემ კარგად იცის, რომ "მისი პარტია ძალიან ჰგავს რუსეთს და ისე მართავს ქვეყანას".

"რატომღაც კობახიძეს არასდროს გული არ შესტკიოდა, როცა ადამიანებს არ მოსწონდათ ირანელები ან თურქები, მაგრამ ძალიან გულზე მოხვდა, როდესაც ამ ქვეყანაში ხალხს არ მოსწონს თავისი მტერი - რუსები. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ კობახიძე ერთ პაკეტში ხედავს რუსებთან, ამ განწყობებთან საკუთარ თავს. მან იცის, რომ ძალიან ჰგავს მისი პარტია რუსეთს და ისე მართავს ქვეყანას, როგორც რუსეთში იმართება. ძალიან კარგად იცის, რომ მის ბელადს რომ ურეკავენ, ვიღაც მისტერ ბორიას კი არ ეუბნება, ბორინკათი მიმართავს და იცის, რომ ბორინკას პარტიიდან არის", - თქვა კობერიძემ.

კობერიძის განცხადებას მმართველი გუნდის დეპუტატების მხრიდან შეძახილები და პროტესტი მოჰყვა, რის გამოც სხდომა დროებით შეჩერდა.


close დახურვა