სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურის მხრიდან შანტაჟზე საუბრობს.
გოგაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ გომელაურმა გააფრთხილა, "მათი საუბრის გახმაურების შემთხვევაში, დაუმატებდა პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია".
"კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემთან მუქარის გადმოცემა მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრის საშუალებით. მან განმიმარტა, რომ არ უნდა მეხსენებინა მისი სახელი. ის ძალიან გაბრაზებულია და თუ არ გავჩუმდები და გავჩერდები მკაცრად დამსჯის. აქამდე რაც გავაჟღერე, ის უნდა გამომესწორებინა შესაბამისი ჩვენებებით და მეტი აღარ უნდა მეხსენებინა ივანიშვილის გვარი. უარის შემთხვევაში, შედეგი იქნებოდა უმძიმესი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. მან ასევე გამაფრთხილა, რომ თუ ამ საუბარს გავახმაურებდი, კიდევ დამიმატებდა პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია", - აღნიშნულია გოგაშვილის წერილში.
გუშინ, 11 აგვისტოს გოგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა პრესკონფერენცია გამართეს და თქვეს, რომ გოგაშვილს ციხეში ვახტანგ გომელაურმა ორჯერ დაურეკა და დაემუქრა. ადვოკატების თქმითვე, მინისტრი გოგაშვილისგან სასურველი ჩვენების მიღებას ითხოვდა.