თავდასხმის შემდეგ სალმან რუშდის ოპერაცია უტარდება. ინფორმაციას ამის შესახებ მისი აგენტი ადასტურებს.
75 წლის მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში გამოსვლისას თავს დაესხნენ. ის ლექციის ჩატარებას იწყებდა, როდესაც უცნობი კაცი სცენაზე ავარდა. მწერალს კისრის არეში ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. გარდა ამისა, კაცი ინტერვიუერსაც დაესხა თავს, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო.
დაახლოებით ერთ საათში ნიუ-იორკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მწერალი ცოცხალია. ის პენსილვანიის შტატის კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
ინტერვიუერმა ჰერუ რიზმა, რომელიც ასევე სცენაზე იყო, თავის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო. რიზი არის არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, რომელიც დევნილ მწერლებს თავშესაფარს სთავაზობს.
ინდური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი, სალმან რუშდი პოპულარული გახდა თავისი ნაწარმოებით შუაღამის შვილები, რომელიც 1981 წელს გამოიცა. 1988 წელს გამოცემული რომანი, ეშმაკეული აიები მუსლიმური ქვეყნების ნაწილში აიკრძალა. ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა რუშდის მოკვლაზე ფატვა გამოსცა და ჯილდოდ 3 მილიონი დოლარი დააწესა. 1991 წელს იაპონიაში წიგნის მთარგმნელი იგარაში ხიტოში მოკლეს.
მიუხედავად იმისა, რომ წლების შემდეგ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ფატვას მხარს აღარ უჭერდა, სალმან რუშდი მუქარებს კვლავ იღებდა და მისი მოკვლისთვის ჯილდოც დააწესეს.