logo
ENG



ღარიბაშვილის თქმით, რთველის სუბსიდირება წელსაც მოხდება

15 აგვ 202214:06
3 წუთის საკითხავი
clock 979

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება რთველის სუბსიდირებას წელსაც მოახდენს - 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 0.90 ლარი იქნება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, "არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს მევენახეებს".

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელსაც, რა თქმა უნდა, მოვახდენთ სუბსიდირებას. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი. არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ჩვენს მევენახეებს. პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია, ჩვენ მათთან გვქონდა კარგი შეხვედრები, გვაქვს სრული კოორდინაცია, შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს და წელს ველოდებით რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით 300 ათას ტონა მოსავალს და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი და ყველა გამოწვევის, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გაგრძელდება სუბსიდირება. 

ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაუჯდება 150 მილიონი ლარი. ვინაიდან ეს არის სტრატეგიული დარგი და ჩვენი ქვეყანა არის მეღვინეობის აკვანი და დადასტურებულია, რომ ჩვენგან დაიწყო მეღვინეობა, სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია სწორი ჩარევა და სწორი დახმარება მევენახეებისთვის", - თქვა ღარიბაშვილმა. 


close დახურვა